დღეს ლარის ოფიციალური კურსი დოლართან მიმართებაში 2. 74 ლარია, გადამცვლელ ჯიხურებში ეს მაჩვენებელი 2 ლარსა და 80 თეთრს სცდება.
ლარის კომიდან გამოყვანის გეგმა კი ოცნებაახდენილი მთავრობისგან დღემდე არ ჩანს.
უცნობია, რას აკეთებს კვირიკაშვილის გუნდი იმისთვის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალ წელს ცარიელი სუფრით არ შეხვდეს? არა და სამწუხაროდ ეს სურათი რეალობასთან ძალიან ახლოსაა.
2012 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილი კი გვპირდებოდა: "პირველი წელიწადი იქნება რთული, მეორე წელი იქნება საგრძნობლად უკეთესი. მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი".
ხო და ამ „ძალიან კარგ“ წელიწადში წინა კვირას 27 000 დოლარის გამო 44 წლის ახალგაზრდა მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო.
ორი შვილის მამამ წერილში ბანკს, საიდანაც სესხი ჰქონდა აღებული, სთხოვა ვალი ჩამოეწერა და მისი შვილები ღია ცის ქვეშ არ დაეტოვებინა.
"პატივცემულო "რესპუბლიკა ბანკის" წარმომადგენლებო, ძალიან გთხოვთ, ჩემს მიერ გადასახდელ თანხაზე, მგონი 27 ათასი დოლარია, უარი თქვათ. ჩემს ოჯახს თანხის გადახდის ძალა არ შესწევს. აღარც ბიზნესი მაქვს, აღარც სახლ-კარი... თუ რამეს იშოვიან ჩემები პურის ფული მაინც ჰქონდეთ. ამას დიდი თხოვნით გწერთ და ბოდიში ასეთი ფურცლისთვის".
რამ გამოიწვია ეროვნული ვალუტის დაცემა და რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ?- ეს ის აქტუალური კითხვაა, რომელზეც პასუხსაც მოსახლეობა ითხოვს.
ანალიტიკოსები ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ამახვილებენ ყურადღებას, ოპოზიცია მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენებას არ გამორიცხავს, განტევების ვაცგამოცლილი მმართველი ძალა კი გვამშვიდებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.
რეალობას კი ყველაზე მძაფრად, ბაზარში ჩანს. „ნიუპოსტი“ ე.წ ნავთლუღის ბაზარში იმყოფებოდა და გარემოვაჭრეებსა და რიგით მყიდველებს ესაუბრა.
ლარის გაუფასურების ახალ ტალღას, სამომხმარებლო პროდუქტზე ფასების მატება მოჰყვა.
ბატონი გელა ერთ-ერთია იმ მოვაჭრეებისგან, ვისაც ლარის რეკორდულად გაუფასურებამ რეალიზაცია მკვეთრად შეუმცირა. მისი თქმით, გასულ წელთან შედარებით ინპორტირებული სურსათის ფასები 20-30 თეთრითაა გაზრდილი.
„დღეს მოდის ქალი და მეუბნება: 2 ცალი კარტოფილი ამიწონე, 65 წლის კაცი ვარ და მსგავსი პრაქტიკა არ მქონია. ლარის გაუფასურებამ გამოიწვია, ის რომ თუ ადრე 10 კგ-ს ყიდულობდა ახლა 3 კილოსაც ვეღარ ყიდულობს. ყვლას გვაწუხებს ვალები, პროცენტს ვერ ვიხდით და ჯარიმები მატულობს“- ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
საბანკო ვალდებულებებზე და მედიკამენტებზე ფასების მატების გამო ჩივის მოსახლეობა.
„სესხი დოლარში მაქვს და ვერაფრით ვერ ვეწევი, ამის გარდა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი ვარ და სახლ;შიც ხომ უნდა შევიტანო პროდუქტი. ჩემი დაგვირვებით, ფასები აქაც 20-30 თეთრით მომატებულია. მთვრობა კი ვერაფრით გვაიმედებს. სამინისტროდან ქვედა რგოლის გაშვებით და ხალხის უმუშევრად დატოვებით ეს პრობლემა არ მოგვარდება“- აცხადებს ერთ-ერთი მოქალაქე.
რამ გამოიწვია ეროვნული ვალუტის დაცემა და რა ნაბიჯები უნდა გადადგას მთავრობამ. ექსპერტების აზრით, აუცილებელია ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება.
„სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობის უკანასკნელი წლების ქმედებებმა, რომელიც ძირითადად გამოწვეული იყო ბიუჯეტის გაუაზრებელი ხარჯვით, დამატებითი რეგულაციების და ბიზნეს გარემოს გაუარესებისკენ მიმართული ქმედებებით, საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ ლარი უფასურდება,“ - განაცხადა ლაშა გოცირიძემ.
ირაკლი ყიფიანის თქმით, მთავარი ფაქტორი, რამაც ლარის მასშტაბური დევალვაცია გამოიწვია, მთავრობის 10 პუნქტიანი გეგმა იყო.
„ლარის გაუფასურებაზე გავლენა იქონია საგარეო ფაქტორებმა და სეზონურობამ, მაგრამ მთავარი კომპონენტი გაუფასურების რაც არის ხელისუფლების არასწორი პოლიტიკა, რასაც ზოგადად ახორციელებს და ის დაანონსებული 10 პუნქტიანი გეგმა, რომელიც შესთავაზა მოსახლეობას. რეალურად უბიძგა იმპორტიორ კომპანიებს, რომლებსაც შეეხებათ გადასახადების ზრდა, მათ მოთხოვნა გაეზარდათ უცხოურ ვალუტაზე, რომ მარაგები შეექმნათ, ვიდრე აქციზის გადასახადები გაიზრდებოდა," - განაცხადა ყიფიანმა.
დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






