საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 19 დეკემბერს, ბერლინში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარება გამოთქვა და გერმანელ ხალხს, საქართველოს პარლამენტის სახელით, მიუსამძიმრა. თავის მხრივ, ელჩმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
მხარეებმა ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და ვიზალიბერალიზაციის პროცესს. პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს გერმანიის მხრიდან საქართველოს ევროპულ ინტეგრაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე იმსჯელეს საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებასა და მეგობრობის ჯგუფების თანამშრომლობის გააქტიურებაზეც.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ელჩს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება. ჰაიკე ფაიჩი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის თანამდებობას 2016 წლის სექტემბრიდან იკავებს.
მასალის გამოყენების პირობები






