ლევან ავალიშვილს შს მინისტრის იმ განცხადების შეფასება ვთხოვეთ, რომლის მიხედვით დანაშაულის სტატისტიკა პირადად მღებრიშვილის დირექტივით არ ქვეყნდება.
"მსგავსი მიდგომა არ არის მართებული. შეიძლება კანონი რაღაცას არ ავალდებულებდეს საჯარო დაწესებულებას, მაგრამ საზოგადოების ინფორმირებულობის ვალდებულება ყველა უწყებას აქვს. ფორმაზე შეიძლება ბევრი კამათი იყოს, მაგრამ ამ ლოგიკით ვებ-გვერდის არსებობაც შეიძლება არ იყოს კანონის ვალდებულება, მაგრამ საჯარო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების ხელმისაწვდომობა. აუცილებელია, რომ ინფორმაციის საჯაროობა არ იყოს დამოკიდებული ვინმეს ნებაზე. უნდა იყოს რაღაც გამართული მექანიზმი. თუ 15 -ში აქვეყნებდა და 16 გადაწყვიტა რომ არ გამოაქვეყნოს აუხსნელი და ალოგიკურია"- აღნიშნა ავალიშვილმა.
მისი თქმით, პარტნიორობა ღია მმართველობისათვის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, შს სამინისტრომ სტატისტიკის გასაჯაროების ვალდებულება აიღო.
"70 ქვეყნის პარტნიორობაა ეს და საერთაშორისო დონეზე იქნა ეს ვალდებულება აღებული. ამ ვალდებულების ფარგლებში, რომელიც შს სამინისტრომ თვითონ აიღო, მათ უნდა შეექმნათ დანაშაულის ინტერაქტიული რუკა, სადაც ეს მონაცემები ხელმისაწვდომი იქნებოდა, გაცილებით უფრო ადვილ და დამუშავებად ფორმატში, ისე როგორც ეს ძალიან ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაშია. მეორე მხრივ, ნებისმიერი საჯარო მონაცემი, მოთხოვნის შემთხვევაში არის ღია , ანუ მოთხოვნის შემთხვევაში შს სამინისტრო ვალდებულია ეს მონაცემები მოგვაწოდოს. შესაბამისად თუ მონაცემები ღიაა და მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გაიცეს, მაშინ ვერანაირი ლოგიკით ვერ ვხვდები, რატომ არ უნდა გამოქვეყნდეს ის პროაქტიურად. ჩემი აზრით, მსგავსი კომენტარი ანგარიშვალდებულების პრობლემას უფრო აჩვენებს ამ უწყების საზოგადოების წინაშე და სხვა არაფერს"- განაცხადა ლევან ავალიშვილმა.
IDFI - ის გამგეობის თავმჯდომარის განცხადებით, ფაქტია, რომ როცა ქვეყანაში კრიმინოგენული სიტუაცია გაუმჯობესებული იყო დანაშაულის სტატისტიკა ხელშესახები იყო, ხოლო როცა ეს სიტუაცია შეიცვალა, სტატისტიკას არ ასაჯაროებენ.
"წლის ბოლოს დაჯამებული სტატისტიკის გამოქვეყნება საშუალებას აძლევს ნებისმიერ უწყებას ამ ციფრებით მოახდინოს მანიპულირება, ვიდრე ყოველთვიურად გამოქვეყნებული მონაცემი, სადაც საზოგადოებას, მედიას საშუალება აქვთ, რომ მონიტორინგი განახორციელონ და გადაამოწმონ კონკრეტულ თვეში მომხდარი დანაშაული მოხდა თუ არა სტატისტიკურ მონაცემებში. ეს ბადებს ეჭვებს, იმისთვის რომ ასეთი ეჭვები არ იყოს და საზოგადოება ინფორმირებული იყოს, ნებისმიერი უწყების პირდაპირი მოვალეობაა საქმიანობის შესახებ მონაცემები გახადოს საჯარო და ხელმისაწვდომი, მით უმეტეს, როცა ამ მონაცემების მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს"- თქვა ლევან ავალიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






