ჟურნალისტი გიორგი გასვიანი პოლიციელს ძალადობაში ადანაშაულებს. ტელეწამყვანი ამბობს, რომ მთვრალი სამართალდამცავი მას თანმხლებ პირებთან ერთად ფიზიკურად ბორჯომში გაუსწორდა.
ტვ"იბერიას" ერთ-ერთი სახე იხსენებს, რომ მას გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი და მისი მეგობრები შეესწრნენ, რომლებიც მანქანის გაჩერების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემდეგ კი როცა გაიგეს, რომ ჟურალისტი იყო იარაღის მიბჯენით დაემუქრნენ, რომ მომხდარი არ გაეხმაურებინა.
გასვიანი კონკრეტულ სახელს ასახელებს და ამბობს, რომ ბორჯომის პოლიციის თანამშრომელი, მიხეილ ხუციშვილი აგრესიულობით გამოირჩეოდა.
მისივე ინფორმაციით, ინცინდენტში სამი პირი მონაწილეობდა.
„ავტომობილი არ მყავდა მწყობრში, სასტუმრო ბორჯომი კროუნ პლაზაში მივდიოდი მედიასემინარზე, როცა მანქანა ჩამიქვრა. შემხვედრმა ავტომობილმა გააჩერა. იქიდან გადმოსულმა პოლიციელმა ჯერ დამარტყა და შემდეგ იარაღი მომაბჯინა. სულ სამნი იყვნენ. როგორც გავარკვიე ორი რიგითი მოქალაქე ყოფილა. მთვრალები იყვნენ, მითხრა კიდეც, რომ ნასვამი ვარ და პოლიციელი ვარ, დაგიჭერო მემუქრებოდა. სიტყვიერი შეურაცხყოფას მაყენებდნენ და ძირითადად ყბისა და თავის არეში მირტყამდნენ. ვერ მივხვდი, რა ხდებოდა, მე აბსოლუტურად დაუცველი ვიყავი, ვერც გავაპროტესტე.
მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ ჟურნალისტი ვიყავი, უფრო აგრესიულები გახდნენ. მომიტრიალდა ერთ-ერთი და მითხრა, რომ შენ ხვალ, ალბათ, ამბავს ატეხავო და დაიწყო მუქარა, უარესი აგრესია წამოვიდა მათი მხრიდან გაშლილი ხელებით მირტყამდნენ თავში, სახეში, ძალიან მცემეს"- უთხრა "ნიუპოსტს" ტელეწამყვანმა.
მისი თქმით, მოძალადე პოლიციელმა ის საკუთარი ხელით მიიყვანა სასტუმროში, მას შემდეგ რაც "შთანხმება მიიღო, რომ ჟურნალისტი მომხდარს არ გაახმაურებდა".
"ბოლოს თვითონვე მიმიყვანეს სასტუმროს ტერიტორიაზე. რამდენიმე წუთში კიდევ გამოჩნდნენ, დაზვერეს სიტუაცია - ხელთათმანი დაკარგა ვუპოვეთ და მოვუტანეთო"- აცხადებს "პრიორიტეტის" წამყვანი.
ტელეწამყვანი ბორჯომის პოლიციაში უკვე დაკითხეს. ის საავადმყოფოშიც იმყოფებოდა, სადაც პირველადი გამოკვლევები ჩაუტარდა.
"პირველი რაც გავაკეთე ის იყო, რომ დაურეკე გენ. ინსპექციას, მათი მხრიდან დროულად მოხდა რეაგირება. დამკითხეს და როგორც ვიცი აგრესიულ და ნასვამ პოლიციელსაც ჩაუტარდა ალკოტესტი. საქმეში პროკურატურაც ჩართულია და იმედი მაქვს, რომ საქმეს რომ დამნაშავეები დაისჯებიან"- დასძინა ჟურნალისტმა.
შემთხვევა სასტუმრო ბორჯომი კროუნ პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. დაშავებული ადამიანის უფლებათა დაცვის სემინარზე მიდიოდა.
შსს-ს ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მასალის გამოყენების პირობები






