პარლამენტმა ბიუჯეტის თანდართული კანონპროექტები მიიღო. შეაბამისად, პირველი იანვრიდან ძალაში შედის ავტომობილების იმპორტის, ნავთობპროდუქტების და თამბაქოს აქციზის გაძვირება.
"ქართულ ოცნებაში" სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ ზრდას არ უარყოფენ, თუმცა მმართველ გუნდში ვვარაუდობენ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ რეფორმები ეროვნულ ვალუტას გაამყარებს.
„მთავარი ამ საგადასახადო კოდექსში იყო აქციზების მატება, დაახლოებით 615 მილიონი ლარი შემოვა ამ გადაწყვეტილებით ბიუჯეტში. გარკვეულ წილად მცირე ნაწილით გამოიწვევს, ამ სახის საქონელზე ფასების მატებას. მთლიანად რაიმეს გაძვირებას არ ვვარაუდობთ და დარწმუნებული ვართ, რომ ლარი დასტაბილურდება,“ - ამბობს მმართველი გუნდის წარმომადგენელი, პაატა კვიჟინაძე.
ოპოზიციამ საგადასახადო კოდექსში ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, როგორც ენმ-ის წევრი, სერგო რატიანი, აცხადებს, "ამ ცვლილებებით ხელისუფლება მოსახლეობისაგან ბოლო კაპიკებს იღებს".
„ეს ბიუჯეტი ძალიან მძიმე ტვირთად დააწვება, როგორც ყველაზე გაჭირვებულ და ღარიბ ფენას, ასევე საშუალო ფენას. ეს არის ძალიან სამწუხარო, რადგან წინა 4 წლის განმავლობაში ყველაფერი გააკეთა ქართულმა ოცნებამ, რომ კრიზისში შეეყვანა მოსახლეობა და ახლა ამ გაღარიბებული მოსახლეობის ჯიბიდან იღებს ბოლო კაპიკებს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






