შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აღარ აიკრძალება. მისი განმარტებით, ფინანსთა სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციებით მიღწეულია ის მიზნები, რაც საგზაო უსაფრთხოებისთვის იყო აუცილებელი.
რაც შეეხება პარლამენტის მიერ აღნიშნული პროექტის განხილვას, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, საგაზაფხულო სესიის გახსნის შემდეგ აღნიშნული პროექტის განხილვა განახლდება.
”ჩვენ მოგვიწევს ამ პროექტის გარკვეული მოდიფიკაცია იმიტომ, რომ ის შეეხებოდა მარჯვენასაჭიან ავტომობილებსაც. ფინანსთა სამინისტროს პროექტით, ეს საკითხი სხვაგვარად რეგულირდება და შესაბამისად, პროექტიდან რაღაცების ამოღება დაგვჭირდება. ჩვენი ინიციატივა იყო მარჯვენასაჭიანი ავტომანქანების რეგისტრაციის აკრძალვა, თუმცა ფინანსთა სამინისტროსგან შემოვიდა ინიციატივა, რომ მოხდეს აქციზის ზრდა. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ შეჩერდეს კატასტროფული ზრდა და შემცირდეს ავტომობილების საერთო რაოდენობაში მარჯვენასჭიანი ავტომანქანების ხვედრითი წილი. ეს შედეგი გარკვეულწილად მიიღწევა განბაჟების გაძვირებითაც. რადგან ორივე ინიციატივა ერთ მიზანს ისახავს, ჩვენ მხარი დავუჭირეთ ფინანსთა სამინისტროს ინიციატივას ვმუშაობთ იმაზე, რომ მომავალი წლიდან საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საგზაო მოძრაობის მოწესრიგება ტექნოლოგიებზე გადავიდეს. ერთობლივი ოპერაციების ცენტრი ამაში დიდ როლს შეასრულებს. ახლა ვმუშაობთ ჭკვიანი კამერებისა და რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე, რომლის პრეზენტაციაც 2017 წელს მოხდება”, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
იანვრიდან 2008 წლამდე წარმოებული ავტომობილების განბაჟება გაძვირდება. გაიზრდება მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე აქციზის გადასახადი.
პარლამენტმა “საგადასახადო კოდექსში” შესატანი ცვლილებები 103 ხმით, 6-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით 15 დეკემბერს მიიღო.
საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, იზრდება მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების, საწვავისა და საავტომობილო ზეთის აქციზის გადასახადი, ხოლო მაღალშემოსავლიან ოჯახებს ავტომობილზე ქონების გადასახადი უწესდებათ.
ასევე, იზრდება თამბაქოს აქციზის საფასური და აზარტული თამაშის მოსაკრებლის ოდენობა.
მასალის გამოყენების პირობები






