საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის თქმით „ენგურჰესის“ გამართული მუშაობა მთლიანი ენერგოსისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად გაზაფხულზე ჰიდროელექტროსადგურის გაჩერება იგეგმება. ამასთანავე ენერგეტიკის მინისტრმა აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვას და გამრიცხველიანების მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი. აღნიშნულ თემაზე კალაძემ სემეკის გადაწყვეტილების კომენტირებისას ისაუბრა, რომელიც შპს „ენგურჰესისა“ და "ვარდნილჰესის" წარმოების ტარიფის ზრდას ეხებოდა:
“ ენგურჰესი“ ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგური, რადგან ამ სადგურის გამართული მუშაობა მთლიანად ენერგოსისტემისთვის არის მნიშვნელოვანი. ის გადაწყვეტილება, რომელიც მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ჩვენ ვგეგმავთ მარტი- აპრილში გავაჩეროთ ეს ჰიდროელექტროსადგური, რადგან გარკვეული სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების აუცილებლობაა. მნიშვნელოვანია გამრიცხველიანება აფხაზეთში, რათა მოხდეს აღრიცხვა ელექტროენერგიის მოხმარების, მოხდეს გადასახადების დაწესება, როგორც ეს ნორმალურად ხდება ნებისმიერ ენერგეტიკულ სექტორში. ამ მიმართულებით მუშაობა მოგვიწევს“- განაცხადა კალაძემ.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ გუშინ, შპს „ენგურჰესისა“ და "ვარდნილჰესის" წარმოების ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ახალი ტარიფი ძალაში 2017 წლის 1 იანვრიდან შევა.
მასალის გამოყენების პირობები






