მინისტრის განცხადებით ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები წარმატებულად ვითარდება და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ისე სხვადასხვა დარგობრივ უწყებებს შორის თანამშრომლობა ახალ დინამიკას იძენს.
„იზრდება კატარის ბიზნესის ინტერესი საქართველოს მიმართ და ღრმავდება ურთიერთობები კატარისა და საქართველოს კერძო სექტორებს შორის. ამ კუთხით მინდა აღვნიშნო პირდაპირი ფრენების შესახებ გადაწყვეტილება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც ხვალ პირველად განხორციელდება. კვირაში სამჯერ იქნება პირდაპირი ფრენა, რაც კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობებს გააჩენს ხალხთა შორისი ურთიერთობებისთვის, ბიზნეს კონტაქტებისთვის და კულტურული კავშირების კიდევ უფრო გამყარებისთვის. იმედია, მომავალში ბიზნეს კავშირები კიდევ უფრო გააქტიურება, რასაც კონკრეტული პროექტების განხორციელება მოჰყვება“ - განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის განცხადებით, საქართველოსა და კატარს შორის აქტიურად ვითარდება ასევე ურთიერთობები კულტურული მიმართულებით და ძლიერდება ხალხთა შორისი კავშირები.
„მოხარული ვართ, რომ ძლიერდება ხალხთა შორისი კავშირებიც, რაც თავის მხრივ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მუდმივად იზრდება კატარელ ვიზიტორთა რიცხვი. მიმდინარე წელს კატარიდან ვიზიტორთა რიცხვი 280%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით“ - აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
გამოსვლის დასასრულს მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხადა საქართველოში კატარის საელჩოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის.
კატარის ეროვნული დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები






