ჩვენში დარჩეს და, მართლებული ყოფილან ცხონებული და აწგანსვენებული კომუნისტები, სახეს რომ იხოკდნენ და ირწმუნებოდნენ, საბჭოთა კავშირში სექსი არ არსებობსო. ახლა, „დახლს ქვემოთ“ შეიძლება, ვიღაც რაღაცას „მიჰქარავადა“, მაგრამ ყველა ზრდასრული და ზნეობრივი საბჭოთა მოქალაქე დარწმუნებული იყო, რომ ბავშვებს ან კომბოსტოში პოულობდნენ, ან მაღაზიაში ყიდულობდნენ. განა, ეს არ ჯობდა ჩვენს ყოფას? - ბოლო წლებში იმდენი უკანალი ვნახეთ და იმდენი უკანალის ღია თუ ფარული ამბავი მოვისმინეთ, რომ ვეღარ გაგვიგია, ეს ჩვენი პოლიტიკა პოლიტიკაა თუ კამა-სუტრა?!
მოკლედ, „ჩუკენობს“ (ამ სიტყვაზე საავტორო უფლება თბილისის ექსმერს, პატიმრობამისჯილ გიგი უგულავას ეკუთვნის და, თურმე, მასტურბაციის სინონიმია) ეს ჩვენი პოლიტიკური ინსტემბლიშმენტი და ხალხსაც „გვაჩუკენებს“. სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ „ჩუკონობის“ მეთოდები და პოზები დღითი-დღე იხვეწება. არ გჯერათ? მაშინ, მაგალითებს მოვიშველიებთ. მაშ, ასე: მაგალითი პირველი:
ორი დღის წინ, ერთი „ოცნებისტი“ დეპუტატი, თუ არ მეშლება, გვარად ჭიჭინაძე, რომელიც წარსულში, ასევე, თუ არ ვცდები, „ტრადიციონალისტობდა“, გამობრძანდა და სრული სერიოზულობით გვამცნო, რომ თურმე, ნუ იტყვით და აშშ-ს თავისი ეკონომიკური პროგრამა „ოცნებისგან“ გადაუწერია. ჭიჭინაძის „სიბრძნე“ ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან შედარებით არაფერია. დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, ბედკრული კი არადა, გაბრწყინებული საქართველოს ფინანსთა მინისტრის, აი, იმ მინისტრის, სულ „ტანში“ რომ „აჟრიალებს“, მოადგილეს არ სჯერა, რომ ლარი უფასურდება. ესე იგი, გამოდის, რომ ჩვენ „გვაჟრიალებს“, რამეთუ თავის დროზე ვერ „დავჰეჯირდით“ და ამიტომაც გვგონია, რომ ცხოვრება გაძვირდა!
ქართული პოლიტიკის კამა-სუტრის პოზები კიდევ გნებავთ? - კეთილი და პატიოსანი, თუ ერის „გარყვნას“ არ დაგვაბრალებენ, არ დაგზარდებით და რამდენიმეს გაგაცნობთ. ავიღოთ, მაგალითად, „ზოიძის პოზა“. ცნობისთვის: აკაკი ზოიძე, რომელსაც შინაურები კაკის ეძახიან, დარწმუნებულია, რომ 2017 წლის ბიუჯეტი, რომელსაც ამ დღეებში დიდი ვნებათა-ღელვა მოჰყვა, სწორედ ის გზაა, რომელიც ტაძრამდე მიგვიყვანს.
„ეს ბიუჯეტი ეკონომიკური ზრდის ბიუჯეტია, იმისთვის, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში ამ თემებზე, რასაც ლარის დევალვაცია ჰქვია, საერთოდ აღარ გვქონდეს ლაპარაკი. 2017 წლის ბიუჯეტი არის ის გზა, რომელსაც ტაძრისკენ მივყავართ,“ - ირწმუნება ჭეშმარიტად „ოცნებელი“ აკაკი ზოიძე.
მართალია, ბატონ ზოიძეს არ დაუკონკრეტებია, მაგრამ არსებობს გონივრული ეჭვი, რომ ტაძარი, რომლისკენაც მივსწრაფით, სადღაც აქვე, სოლოლაკის სანახებში უნდა იდგეს..
ახლა კი, ბოლო დღეების მთავარ პოლიტ-ეროტიულ ამბავზეც გადავიდეთ: ვიღაც ბიჭი სვანეთის კოშკების ფონზე „გატიტვლდა“, ფოტო გადაიღო და ეს „შედევრალური“ კადრი „ფეისბუქზე“ გამოაჭენა. მიუხეავად იმისა, რომ ბიჭს „სასირცხვო ადგილი“ ხელით ჰქონდა დაფარული, ფოტოს გასაჯაროებას ისეთი ვაიუშველებელი მოჰყვა, გეგონება, მანქურთები შემოგვესივნენ და თუ ქუდზე-კაცი არ გამოვიდოდა, ქართველობას „ბეზ პიტი მინუტ“ წაგვრთმევდნენ. მოკლედ, ამ „ტიტველ“ ბიჭს მეორე ბიჭმა ბოდიში მოახდევინა, როგორ გაბედე და სვანეთში როგორ გაშიშვლდიო. ტრადიციების დამცველი ახალგაზრდა კინაღამ გმირადაც შერაცხეს - თურმე, ემზარ კვიციანსაც კი მიუწერია სოცქსელში, ყოჩაღ, ეროვნული ღირსება ასე რომ დაიცავიო, მაგრამ „ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვინმეს, განა?!“ - ჰოდა, სად იყო, სად არა, ამ „საზიზღარმა“ მედიამ ღირსებისდამცველ ბიჭს ისეთი „ტიტველი“ ფოტოები ამოუქექა, რომ ამასთან შედარებით პირველი ბიჭის „სიტიტივლე“ ნამდვილი „საბავშვო ბაღობანაა“ და მეტი არაფერი.
ახლა, „ნიუპოსტი“ არაფერს ამტკიცებს, მაგრამ ქართული პოლიტიკის კამა-სუტრის სპეციალისტები ეჭვობენ, რომ ამ „ტიტველ სკანდალს“ უფრო შორს მიმავალი მიზნები აქვს, ანუ არსებობს ასეთი ვერსია, რომ ვიღაცას უნდა, რომ სვანეთში პოლიტიკური ტემპერატურა დუღილისას გადასცდეს. გამორიცხული არაფერია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სიშიშვლე, სექსზე აღარაფერს ვამბობთ, ქართველებისთვის ეგზომ სენსიტიური თემაა. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ბოლო წლებია, მთელი ქართული პოლიტიკა ვიღაცის უკანალზე ტრიალებს, ანუ პერიოდულად, მთავარი ნიუსი სწორედ ვინმეს ინტიმური ცხოვრება ხდება, რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვება ხოლმე და ვიდრე ჩვენ იმის განხილვაში ვართ, ვინ ვისთან, სად და რატომ გაიხადა, ან ვისი თავია და ვისი კიდევ - ტანი, ეკონომიკა თავზე გვემხობა, ან უფრო უარესი, ჩრდოლოეთელი მეზობელი რამე „ოკუპანტურ სიურპრიზს“ მოგვიმზადებს, თუმცა ამ ყველაფერს ყურადღებას არც ხელისუფლება აქცევს და არც - მოსახლეობის უმეტესობა, რადგან სხვისი „ლოგინის რევიზია“ უფრო ადვილია. ასე რომ, ისტორიული ჭეშმარიტება 21-ე საუკუნეში ისევ აქტუალურია - ხალხისთვის მთავარი პური და სანახობაა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ლარის „რეკორდული ჟრიალის“ გამო, შეიძლება, პურიც აღარ გქვონდეს, უნდა ველოდოთ, რომ სანახობა არ მოგვაკლდება და ეს სანახაობა თანდათან უფრო ეროტიკული და მძაფრსიუჟეტიანი გახდება!
ამასობაში კი, როგორც ინტერნეტმედია იუწყება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობელმა, ასევე, „ოცნებელმა“ ლაშა გოგიამ ქართული პოლიტიკური კამა-სუტრის ახალი „პოზა“ მოიგონა და სპეცბრძანება გამოსცა, რომლითაც თანამშრომლებს ჩაცმის, მაკიაჟისა და ვარცხნილობის სტილი განუსაზღვრაწევრებს გამგებელ ლაშა გოგიას ბრძანებით ჩაცმისა და მაკიაჟის სტანდარტები დაუწესდა.
„თანამშრომელი ვალდებულია, მიმართავდეს ჩაცმულობის საქმიან სტილს, ჰქონდეს მოწესრიგებულ იერსახე და ატაროს საქმიანი გარემოსათვის შესაფერისი სამოსი, სამსახურეობრივი მოვალეობა განახორციელოს მოწესრიგებული ჩაცმულობით, ზნეობრივ-ეთიკური ნორმების შესაბამისად... სამსახურში მისაღებია კლასიკური შარვლის, შავი ჯინსის, კლასიკური კაბის-ქვედაბოლოს (მინიმალური სიგრძე სამი-ოთხი სანტიმეტრი მუხლის თავიდან), პერანგის და პიჯაკის ჩაცმა.. თანამშრომელი დაუშვებელია, სამუშაოზე გამოცხადდეს სპორტული სტილის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, ტანზე მომდგარი შარვლით, კაბითა თუ ქვედაბოლოთი, ღრმა დეკოლტირებული და გამჭვირვალე პერანგით, წითელი ზონარის მქონე ტანსაცმლით... დაუშვებელია სამსახურში მკვეთრი მაკიაჟითა და არასტანდარტული თმის ვარცხნილობით გამოცხადება,“ - ნათქვამია გოგიას ბრძანებაში.
ერთი სიტყვით, ყველაფერი თუ ასე გაგრძელდა, საქმე შეიძლება, „ზნეობის პოლიციის“ შექმნამდეც მივიდეს.
და ბოლოს, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ ქართული პოლიტიკის „ეროტიკიზაცია“ ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის დროს დაიწყო: ალბათ, გახსოვთ, მიშამ ახალგაზრდებს ბუჩქებისკენ რომ მიანიშნა, რასაც ყბადაღებული ფარული ჩაწერა-გადაღებები მოჰყვა. ჰოდა, ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნუთუ, კიდევ ვინმე ვერ ხვდება, თუ რა მსგავსება არსებობს ქართულ პოლიტიკასა და სექსს შორის?!
ირაკლი ბიძინაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






