განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად განათლების სისტემის სტრატეგიულ დაგეგმარებაზე მუშაობას იწყებს, რომელშიც აქტიურად იქნება ჩართული განათლების თითოეული საფეხურის წარმომადგენელი.
კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშიც ინფორმაციით, განათლების სისტემის თითოეული საფეხურის ფუნდამენტურ რეფორმაზე საგაზაფხულო სესიაზე იმუშავებს. მისი თქმით, კომიტეტი გახდება განათლების სისტემის სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრი.
„გამართული სისტემის ჩამოყალიბებაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად ვმუშაობთ. გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა და კონსულტაციები განათლების სფეროს წარმომადგენლებთან, რათა განხორციელდეს ფუნდამენტური საკანონმდებლო ცვლილებები“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა უმაღლესი სახელმწიფო დაწესებულებების რექტორებთან გამართულ შეხვედრაზე.
თუმცა კომიტეტის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ფუნდამენტური რეფორმების განხორციელებამდე საჭიროა ცალკეულ კანონებში დაჩქარებული წესით აღმოიფხვრას ხარვეზები. მისი მოსაზრებით, თუ დღეს საქართველოში რომელიმე უნივერსიტეტი წარმატებულია, ეს არის არა საკანონმდებლო რეგულაციების დამსახურება, არამედ ინდივიდუალურად, თვითონ ამ კონკრეტული უნივერსიტეტის ძალისხმევის შედეგი.
შეხვედრაზე იმსჯელეს იმ ცვლილებებზე, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, დავით ლომინაშვილმა აღნიშნა, საჭიროა შემოღებულ იქნას პროფესორისა და მთავარი მეცნიერი თანამშრომლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და არჩევის ვადის მოქნილი სისტემა.
მისი თქმით, კანონპროექტით ასევე გამარტივდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული მოძრავი ქონების განკარგვის წესი და მოხდება მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტების უფლებების დაცვა. მისივე განცხადებით, დარეგულირდება მასწავლებლის მომზადების ბაკალავრიატის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე 2017 წელს აბიტურიენტების მიღების შესაძლებლობები.
მასალის გამოყენების პირობები






