ევროკავშირის საბჭომ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი ორი წლით, 2018 წლის 14 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.
ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზშია საუბარი.
პრესრელიზის თანახმად, ევროკავშირის საბჭომ ასევე გამოიყო 18 მილიონი ევრო 2016 წლის 15 დეკემბრიდან 2017 წლის 14 დეკემბრამდე პერიოდისთვის.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია(EUMM) ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისიაა, რომელიც საქართველოში 2008 წლის სექტემბერში განთავსდა, რუსეთსა და საქართველოს მიერ ხელმოწერილი ექვსპუნქტიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად.
მისიის პრიორიტეტებია:
- ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, მათ შორის ჯარების გაყვანის პროცესის, თავისუფალი გადაადგილების, ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების მონიტორინგი;
- აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა; იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების უსაფრთხოებისა და პოლიტიკური ასპექტებზე დაკვირვება;
- ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობა;
- საქართველოსა და რეგიონის შესახებ ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირება.
მისია ახორციელებს 24-საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებს უთმობს. მისიის სათავო ოფისი თბილისში მდებარეობს, ხოლო რეგიონალური ოფისები - გორში, მცხეთასა და ზუგდიდში. მისიის ხელმძღვანელი არის კიასტუტის იანკაუსკასი (ლიტვა), რომელიც ამ პოსტზე 2014 წლის 19 დეკემბერს დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები






