სავარაუდოდ, კვირის ბოლოსვე ჩაინიშნება რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თბილისის მერიც დაესწრება და დოკუმენტს დაამტკიცებენ.
ჯაბა სამუშიას განცხადეით, პრიორიტეტული სფეროებია განათლება, ჯანდაცვა, გამწვანება, სოციალური მიმართულება, მუნიციპალური ტრანსპორტი და საგზაო ინფრასტრუქტურა.
2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებულ პროექტში თანხა გაზრდილია კომუნალური ვაუჩერების მიმართულებით. ასევე, რამდენიმე მილიონით შემცირებულია ადმინისტრაციული ხარჯები.
„ჩვენი ოპონენტები მხოლოდ საუბრისთვის საუბრობენ და არა კონკრეტულ შენიშვნებთან დაკავშირებით, იმიტომ, რომ დამატებითი სახსრები გამოიძებნა იმისათვის, რომ დამატებოდა თანხები ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრების პუნქტს, დაემატა ქალაქის განვითარების ფონდს დაახლოებით 2 მილიონი, ასევე სოციალურ მიმართულებას დაემატა თანხები. ეს ყველაფერი მოხერხდა იმის ხარჯზე, რომ ადმინისტრაციული ხარჯებია შემცირებული,“-განაცხადა საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ჯაბა სამუშიამ.
ოპოზიციის განცხადებით, კი დოკუმენტი არ არის მორგებული დედაქალაქის განვითარებაზე, ასევე მოსახლეობის საჭიროებებზე.
„ბიუჯეტი არაადეკვატურია, არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც დღეს არსებობს დედაქალაქში. მოსახლეობის მოთხოვნები არის აბსოლუტურად იგნორირებული. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც მოემსახურება 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებს. ბუნებრივია ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ თბილისის არ განვითარებას,“-განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თამაზ შოშიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






