პარიზში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ალიანსის „არა ძალადობას“ სხდომა გაიმართა, რომელსაც პარლამენტის წევრი გუგული მაღრაძე დაესწრო.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნა ალიანსის ახალი ინიციატივა, რომელიც ალიანსის წევრებს თავიანთ ქვეყნებში სიძულვილის, რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ გამართულ აქტივობებში ინდივიდებისა და ორგანიზაციების განსაზღვრის საშუალებას აძლევს. საუბარია ისეთ ორგანიზაციებზე, როგორიც შეიძლება იყოს სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები, სპორტული კლუბები, ახალგაზრდული ორგანიზაციები, ვებგვერდები, ინტერნეტ ჟურნალების გამომცემლები და სხვა.
სხდომაზე ასევე განხილული იქნა ძალადობის და დისკრიმინაციის ეთნიკური ნიშნით წარმოშობის საკითხი. მოწვეულმა ექსპერტებმა ევროპაში ამ მხრივ მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს და გარკვეული ეთნიკური წარმოშობის ჯგუფების მიმართ ძალადობის შემთხვევების ზრდაზე ისაუბრეს.
თემასთან დაკავშირებით, გუგული მაღრაძემ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმ კვლევების ჩატარების აუცილებლობას, რაც გამოავლენს იმ ფაქტორების ერთობლიობას, რამაც ბოლო ათწლეულებში ევროპაში ძალადობის ზრდას შეუწყო ხელი. როგორც მან აღნიშნა საქართველოც არაა დაზღვეული ძალადობის სხვადასხვა გამოვლინებებისაგან, მაგრამ შედარებით იშვიათია ეთნიკური ნიშნით ძალადობის შემთხვევები.
პარიზში ასევე გაიმართა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობის და ანტიდისკრიმინაციის კომიტეტის სხდომა, რომელზეც კიბერდისკრიმინაციის და ონლაინ სიძულვილის დაძლევა, რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი მშობლების და ბავშვების უფლებების დაცვა, მიგრაციის გენდერულ ჭრილში განხილვის საკითხები იქნა განხილული. აღსანიშნავია, რომ კომიტეტში არსებული გენდერული თანასწორობის ქვეკომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ქართველი კანონმდებელი, გუგული მაღრაძეა.
პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ მონაწილეობა სამივე საკითხის გარშემო გამართულ დისკუსიაში მიიღო. მან აღნიშნა, რომ ინტერნეტით სიძულვილის და დისკრიმინაციული შინაარსის გავრცელებაში გადამწყვეტი საზოგადოების დამოკიდებულებაა. მისივე შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ კანონმდებლობა გამკაცრდეს. რაც შეეხება საქართველოს - ამ საკითხის მიმართ კანონმდებლობა საკმაოდ გამართულია, მაგრამ დამნაშავეების გამოვლენა საკმაო სახსრებსა და დროსთან არის დაკავშირებულია და ყველაზე ეფექტური იქნება, თუ საზოგადოება მოახერხებს და არ გააგრძელებს დისკუსიებს და გამოხმაურებებს ასეთი შინაარსების მიმართ. რაც შეეხება რელიგიური უმცირესოებების მშობლების და შვილების უფლებებს, გუგული მაღრაძემ მხარი არ დაუჭირა რეზოლუციის პროექტში იმ პუნქტს, რომელიც რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლების მათ რელიგიური რწმენის სასწავლო პროგრამის მისადაგებას შეეხებოდა.გუგული მაღრაძემ ხაზი გაუსვა, რომ ასეთი ჩანაწერი წინააღმდეგობაში მოდის ევროპაში სახელმწიფო განათლების სისტემის სტანდარტებთან, რაც რეზოლუციის პროექტში გაზიარებულ იქნა.
საქართველოს პარლამენტის წევრი, როგორც ევროსაბჭოს სოციალურ საკითხთა კომიტეტის სპეციალური მომხსენებელი, სტრასბურგში გამართულ ევროსაბჭოს ბიოეთიკის კომიტეტის სხდომაზეც იქნა მიწვეული, რომელზეც ერთ-ერთ საკითხად გონებრივი აშლილობის მქონე ადამიანების უფლებების დაცვის იძულებითი მკურნალობის და განთავსების პირობები განიხილებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






