სერიოზული და საყოველთაო შეშფოთების საფუძველი ნამდვილად არსებობს. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყალიბდება სამხედრო ბაზა არა აფხაზეთის ვითომ დასაცავად, არამედ ნატოსთან დასაპირისპირებლად. „შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების“ შესახებ „დებულების“ პირველი და მეოთხე პუნქტების მიხედვით, შესაძლოა, აფხაზეთში ვიხილოთ სხვადასხვა სახეობის დიდძალი ულტრათანამედროვე შეიარაღება, რომელსაც საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგავს რუსეთის ფედერაცია. სახელწოდება „გაერთიანებული დაჯგუფება“ მხოლოდ იმისათვის გახდა საჭირო, რათა მომავალ ბაზას „ლეგიტიმურობა“ მიანიჭოს და იგი სოლიდური გადასახადისგანაც გაანთავისულოს.
კრემლი ჩქარობს მიღებული გადაწყვეტილების რეალიზებას. მას სურს გამოიყენოს დღეს არსებული, გარკვეული თვალსაზრისით, რუსეთისთვის ხელსაყრელი, ზოგჯერ კი გაურკვეველი, წინააღმდეგობრივი საერთაშორისო ვითარება და „შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების“ შირმის ქვეშ აფხაზეთში ახალი სამხედრო ბაზა დააფიქსიროს. სათანადო სამუშაოები გამალებით მიმდინარეობს გალის რაიონში, თუმცა ხელმოწერილ და რატიფიცირებულ დოკუმენტებში ახალი სამხედრო ბაზის დისლოკაციის ადგილი მითითებული არ არის, რისი აუცილებლობა არც იყო, რადგანაც აფხაზეთის მთელი ტერიტორია, გალის რაიონის ჩათვლით, რუსეთის სამხედრო ბაზას წარმოადგენს.
მომავალი სამხედრო ბაზა, ცხადია, სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს, მთლიანად კავკასიას, მათ შორის ჩრდილოკავკასიელ ხალხებს. უპირველეს ყოვლისა, კი იგი იქმნება ნატოს წინაღმდეგ, შავი ზღვის აუზსა და მის მიმდინარე რეგიონებში გადამწყვეტი სამხედრო უპირატესობის მოსაპოვებლად, ხმელთაშუა ზღვასა და სირიაში განლაგებული რუსული შეიარაღებული ძალებისთვის ზურგის გასამყარებლად.
ახალი სამხედრო ბაზა, იქმნება ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ოკუპანტებმა და სეპარატისტებმა უსასტიკესი მეთოდებით განხორციელეს ეთნიკური წმენდა, გენოციდი, სადაც შუასაუკუნეობრივი მეთოდებით ყოველდღიურად ილახება ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. რუსული ბაზის შექმნა კიდევ უფრო გაუსაძლისს გახდის გალის რაიონში დარჩენილი ქართული მოსახლეობის მდგომარეობას.
სრულიად აშკარაა, რომ აფხაზეთის ტერიტორია რუსეთს სამხედრო პოლიგონად, აუცილებლობის შემთხვევაში საბრძოლო მოქმედების თეატრად და ბრძოლის ველად სჭირდება. იგი შეეცდება სავარაუდო მოწინააღმდეგის საპასუხო დარტყმა აფხაზეთში და არა საკუთარ შიდა რეგიონებში მიიღოს, რაც სავსებით რეალურ საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას, განურჩევლად ეროვნებისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმაღლესმა საბჭომ გადაწყვიტა:
1. მხარი დაუჭიროს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკას, რომელიც მიმართულია აფხაზეთის დეოკუპაციისკენ, 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების უპირობოდ და სრული მოცულობით შესრულებისკენ, აფხაზ ხალხთან შერიგებისკენ.
2. ეთხოვოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამომწურავი ინფორმაცია და კონკრეტული წინადადებები მიაწოდოს გაეროს, ევროკავშირს, ეუთოს, ევროსაბჭოსა და ნატოს აფხაზეთში რუსული სამხედრო ბაზის შექმნის რეალური მიზნების, მოსალოდნელი გლობალური საფრთხეებისა და მათ გასანეიტრალებლად აუცილებელი ზომების შესახებ.
3. ეთხოვოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს და აფხაზეთის მთავრობას უზრუნველყონ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახალი რუსული სამხედრო ბაზის შექმნის საკითხის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში განხილვა;
4. ეთხოვოს იუსტიციის სამინისტროს, აფხაზეთის მთავრობასთან ერთად, განიხილოს აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ბაზის შექმნის თაობაზე რუსეთის მიერ ხელმოწერილი და რატიფიცირებული შეთანხმების საერთაშორისო სამართლის ნორმებთან შესაბამისობის საკითხის ჰააგის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა;
5. ეთხოვოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აფხაზეთის მთავრობასთან ერთად განიხილოს გალის რაიონში ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დარღვევის საკითხის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა.
6. ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას ერთ-ერთი უახლესი გაფართოებული სხდომა მიუძღვნას აფხაზეთში რუსეთის ახალი სამხედრო ბაზის დაფუძნების საკითხის ყოველმხრივ განხილვას;
7. ეთხოვოს აფხაზეთის მთავრობას ჩაატაროს აუცილებელი კონსულტაციები საქართველოს მთავრობის შესაბამის დაწესებულებებთან ამ მიმართვაში ჩამოყალიბებულ რეკომენდაციებთან დაკავშირებით;
8. უმაღლესი საბჭოს ეს მიმართვა ცნობისთის მიეწოდოს საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას, საქართველოს საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს.
მასალის გამოყენების პირობები






