თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმის განხილვა დაცვის მოწმეების დაკითხვით გაგრძელდა. სასამართლო პროცესზე ჩვენება დათა ახალაიას მძღოლმა მისცა. მისი განცხადებით, სროლის დროს ახალაია ადგილზე არ იმყოფებოდა და მხოლოდ სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ მივიდა.
ადვოკატები აცხადებენ, რომ მოწმის ჩვენება ადასტურებს, დათა ახალაიასთვის წარდგენილი ბრალი - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, უსაფუძვლოა.
„მან დაადასტურა, რომ, როდესაც ისინი მივიდნენ ნავთლუღის ტერიტორიაზე, იქ სპეცოპერაცია ფაქტობრივად დასრულებული იყო. არანაირ სროლებს ადგილი არ ქონია და მით უმეტეს, დათა ახალაიას არავის მიმართ გასროლა არ განუხორციელებია და ეს არის სრული აბსურდი,“ - განაცხადა ადვოკატმა, ირაკლი ზაქარეიშვილმა.
პროკურატურა კი დაცვის მოწმეს ცრუ ჩვენებაში ადანაშაულებს:
„სატელეფონო ანძებით დადასტურებულია, რომ დავით ახალაია, ლევან ქარდავა, გიორგი დგებუაძე, გიორგი მაზმიშვილი და ბევრი სხვა მათი თანამშრომელი, სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს, ნამდვილად იმყოფებოდა ნავთლუღის ტერიტორიაზე,“ - განაცხადა პროკურორმა დავით ნეფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






