საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ფედერიკა მოგერინისთან პირისპირ შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ არჩევნების შემდეგ პირველი ვიზიტის ბრიუსელში განხორციელება ევროკავშირთან სტრატეგიული ურთიერთობების დასტურია.
თავის მხრივ ფედერიკა მოგერინიმ გიორგი კვირიკაშვილს არჩევნების წარმატებით ჩატარება და პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახალი დანიშვნა მიულოცა.
მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ძირითადი საკითხები და ხაზი გაუსვეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მესამე სხდომის მნიშვნელობას, რომელიც ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ, მაღალი დონის პირველი ინსტიტუციური შეხვედრაა.
მოგერინი ამბობს, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა, რათა მოქალაქეებმა შენგენის ზონაში უვიზოდ გადაადგილება შეძლონ.
"ამ პროცესის დასაწყისიდან ვამბობ, რომ ვიზალიბერალიზაცია არა მარტო საქართველოს მოქალაქეებისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია, ამიტომ ვართ ერთ მხარეს, პრემიერმინისტრთან და ევროპელ კოლეგებთან ვმუშაობთ, რომ ეს მოხდეს. საქართველომ ყველაფერი გააკეთა ამისთვის, შეასრულა ყველა კრიტერიუმი, ამას ხელს ვერაფერი შეუშლის. ვერ დაგისახელებთ ზუსტ თარიღს, რადგან ახლა საკითხი პარლამენტსა და საბჭოს ხელშია, რომ პროცესი დაასრულოს. ახლა არა გადაწყვეტილების მიღების ბოლო ეტაპი, არამედ პროცედურების ბოლო ეტაპია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მალე იქნება და ვიზალიბერალიზაციაზე ბოლო ნაბიჯის გადადგმას შევძლებთ," - განაცხადა მოგერინიმ.
მასალის გამოყენების პირობები






