რუსეთის მოქალაქე, 45 წლის ოქსანა სევასტიდი სოჭში ცხოვრობდა. მან 2008 წელს, საქართველო-რუსეთის ომის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, საკუთარი თვალით დაინახა, თუ როგორ მიემართებოდა აფხაზეთის მიმართულებით რუსეთის სამხედრო ტექნიკით დატვირთული მატარებელი. ამის შესახებ მან ქართველ მეგობარს SMS გაუგზავნა...
ამ ფაქტიდან 7! წლის შემდეგ 2015 წელს, მის სახლში სპეცსამსახურის ქვედანაყოფი შევარდა და ოქსანა დააპატიმრა. 2016 წლის 3 მარტს კრასნოდარის სასამართლომ ეს ქმედება სამშობლოს ღალატად, სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნებად მიიჩნია და მას 7 წელი მიუსაჯა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ფაქტს დღემდე საგულდაგულოდ მალავდნენ, თუმცა, ოქსანას ახალმა ადვოკატმა ივანე პავლოვმა, რომელმაც განაჩენი გაასაჩივრა, ეს ფაქტი „მოსკოვსკი კომსომოლეცს“ აცნობა. პავლოვს მიაჩნია, რომ იმ ფაქტებთან შედარებით, რაც ოქსანა სევასტიდის განაჩენში ღიად არის მოყვანილი - სამხედრო ნაწილების ნომრები, ტექნიკის სახეობები და საბორტო ნომრები, ერთი SMS გაგზავნა ზღვაში წვეთია. მითუმერტეს, სამხედრო ტექნიკა დღისით-მზისით ღიად გადაადგილდებოდა და მისი დანახვა ყველას შეეძლო.
„სახელმწიფო საიდუმლოების გამჟღავნება ნიშნავს დაფარული და დაცული ინფორმაციის გამჟღავნებას, ხოლო სამხედრო ტექნიკა, რომელიც მატარებლით გადაადგილდება ასეულობით კილომეტრზე, ვერ იქნება სახელმწიფო საიდუმლოება,“ - აცხადებს პავლოვი.
ამავე ადვოკატმა გაზეთს აცნობა, რომ ანალოგიური „დანაშაულისთვის“, ამავე სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა სოჭში მცხოვრებ მეორე ქალბატონს - ეკატერინე ხარებავას. მის შემთხვევაში, 2008 წელს ქართველი მეგობრისთვის გაგზავნილი SMS-ის არსებობა რუსეთის სპეცსამსახურებს 2013 წელს გაახსენდათ და განაჩენიც 2014 წლის 14 ნოემბერს გამოუტანეს. ეკატერინე ხარებავამ დანაშაული არ აღიარა, ხოლო უფლებადამცველმა ორგანიზაცია „მემორიალმა“ იგი პოლიტპატიმრად მიიჩნია.
როგორც გაზეთი იუწყება, ხარებავას გაუმართლა და იგი აბაშიძე-კარასინის ფორმატში მიღწეული შეთანხმების შედეგად, საქართველოს გადმოეცა. ეკატერინე ხარებავამ ამ ფაქტის შესახებ გაზეთშ კომენტარი არ მისცა, თუმცა, დაადასტურა, რომ იგი ამჟამად თბილისშია.

წყარო MK.ru
მასალის გამოყენების პირობები






