ლარის გაუფასურების ხარისხი საკმაოდ მაღალია, სების უკანასკნელი მონაცემებით ერთი აშშ დოლარი 2,5871 ლარი ღირს. ეროვნული ვალუტა დღეს თითქმის 6 თეთრით გაუფასურდა.
არსებულ სიტუაციაში, ექსპერტები საქართველოში პროდუქტებისა და მომსახურებების გაძვირების ტალღას პროგნოზირებენ: ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს პრეზიდენტი პაატა შეშელიძე ჯაჭვურ რეაქციაზე საუბრობს:
“ბენზინის გამყიდველები შეეცდებიან თავისი გაზრდილი ტვირთი გადააკისრონ მომხმარებელს. ბენზინი არის არაელასტიური, ამიტომ, დიდი ალბათობით, ამას მოახერხებენ, თუმცა შესაძლოა მათი გაყიდვები შემცირდეს. ავტომატურად, ყველა ის, ვინც ემსახურება სხვას, ტაქსი, ავტობუსი და ა.შ. და იყენებს ბენზინს, რა თქმა უნდა, შეეცდება თავისი ხარჯები გადააკისროს მომხმარებელს, ანუ ჯაჭვური რეაქცია იქნება,“ - განაცხადა პაატა შეშელიძემ.
იმპორტიორები კი აცხადებენ, რომ პროდუქტებზე ფასების მატება მოსახლეობაში მსყიდველობითუნარიანობას შეზღუდავს და არ გამორიცხავენ, რომ რამდენიმე კომპანია გაკოტრდეს კიდეც.
„აუცილებია და დღის წესრიგში დგება ეროვნული ბანკის სასწრაფო წესით ჩარევის საკითხი ამ პროცესებში. მხედველობაში მაქვს უპირველესად, სავალუტო ინტერვენციები, რაც აჟიოტაჟის და პანიკის ნიშნებს მოხსნის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მოკლევადიან პერიოდში შეიძლება მივიღოთ გარკვეული სპეკულაციური ტრენდი, რომელიც ძალიან დამაზარალებელი და ზიანის მომტანი იქნება ქვეყნისთვის,“ - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.
ფასების მომატების და აქციზის გაძვირების შესახებ შეფასება გააკეთა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმაც.
„როდესაც აცხადებ, რომ აქციზის გაზრდას აპირებ იანვარში, ბუნებრივია კომპანიები დაიწყებენ მომარაგებას საწვავის, რომ რაც შეიძლება ბევრი შემოიტანონ ახლა და იანვრისთვის შექმნან მარაგები. ეს ხომ ვალუტით შემოაქვთ, შესაბამისად, მათ სავალუტო ბირჟაზე გამოიწვიეს თავისი არასწორი და დაუფიქრებელი განცხადებებით, დამატებითი აჟიოტაჟი,“ - განაცხადა პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






