მიმდინარე წლის გაზაფხულზე ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტი კობა გვენეტაძე გახდა, რომლის ხელმძღვანელობის ფარგლებშიც დღეის მონაცემებით, 1 აშშ დოლარი 2.5311 ლარი ღირს, განსხვავებული სიტუაციაა კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში, სადაც 1 დოლარის ფასი 2.70 ლარს შეადგენს.
სწორედ აღნიშნულის გამო, „ნიუპოსტი“ თამაზ მეჭიაურს დაუკავშირდა, რომელმაც თავდაპირველად კომენტარისგან თავი შეიკავა, მაგრამ მოგვიანებით კითხვაზე, რას ფიქრობს დღეს არსებულ სიტუაციაში ლარის გაუფასურებასთან მიმართებით ვინ ან რა არის დამნაშავე? მეჭიაურმა კვლავ გიორგი ქადაგიძეს დასდო ბრალი:
- ბატონო თამაზ, ახლა რას ფიქრობთ, ვისი ან რისი ბრალია ლარის ასეთი გაუფასურება?
- გიორგი ქადაგიძის...
- ახლაც? საინტერესოა...
- მთლად მასე არ ვფიქრობ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში...
- აბა "ახალი გიორგი ქადაგიძის"?
- კომპლექსურად უნდა შევხედოთ ამ საკითხს...
- ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ლარს "გიორგი ქადაგიძის სინდრომი" სჭირს?
- მარტო ეგ არა, ყველა მხრიდან სჭირს, ყველა უბედურება ერთად აღებული, როგორც საგარეო, ისე საშინაო!
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, ეროვნულმა ბანკმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ელიან გაუფასურების შეჩერებას და კურსის უკუქცევას:
„დღეს სავალუტო ბაზარზე გაცვლითი კურსის მკვეთრი ცვლილება არ არის გამოწვეული ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებით. გასული თვის მანძილზე გაუფასურების ძირითადი გამომწვევი მიზეზი იყო დოლარის მკვეთრი გამყარება მსოფლიო ვალუტების მიმართ - დოლარის ინდექსმა ყველაზე მაღალ მნიშვნელობას მიაღწია 2003 წლის მერე.
ამას დღეს დაემატა მოსახლეობაში წარმოქმნილი მოლოდინები, რომელთა გამოც მკვეთრად გაიზარდა აჟიოტაჟური მოთხოვნა აშშ დოლარზე. ჩვენი აზრით, ამჟამად ბაზარზე არსებული გაცვლითი კურსი გადაცდა იმ ნიშნულს, რომელსაც ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს.
შესაბამისად, ჩვენ ველით გაუფასურების შეჩერებას და კურსის უმოკლეს დროში უკუქცევას.
ამდენად, ბაზარზე დღეს არსებული აშშ დოლარის ფასი არის გადაჭარბებული და მოსახლეობას და ეკონომიკურ აგენტებს ვურჩევთ ნუ მიიღებენ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომელიც დიდი ალბათობით მათვე დააზარალებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






