„ჩვენი ურთიერთობა და კომუნიკაცია პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, ასევე ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან კონგრესში, როგორც რესპუბლიკელებთან, ასევე დემოკრატებთან შენარჩუნდება და იქნება მხარდაჭერილი, იმდენად რამდენადაც საკითხი ეხება იმ ინტერესებს და მიზნებს, რომელიც საერთო გვქონდა ჩვენ და აშშ-ს ბოლო 25 წელია“- განაცხადა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო ცდილობს მოსკოვთან დიალოგი რაციონალური დისკუსიის ფორმებში ჰქონდეს, შეინარჩუნოს სიმშვიდე და არ მისცეს ომის არც ერთ მონაწილე მხარეს საშუალება, რომ საქართველო რაიმე პროვოკაციაში აიყოლიოს. მან საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას "რუსეთის მიერ ისტორიულად უსამართლო ნაბიჯი" უწოდა, რომელთან შეგუებასაც მისი თქმით, ქართული საზოგადოება და მთავრობა არ აპირებს.
„რუსეთთან მიმართებაში კი გვინდა დიალოგს რაციონალური სახე ჰქონდეს და შევინარჩუნოთ მშვიდობა. რუსეთს განვიხილავთ როგორც პოტენციურად კარგ მეზობელს, მას მერე რაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდება. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ისტორიულად უსამართლო ნაბიჯია და ამას არასოდეს შეეგუება არც ჩვენი საზოგადოება და არც საქართველოს ხელისუფლება“- აღნიშნა მარგველაშვილმა.
პრეზიდენტმა საუბრისას იმედგაცრუება გამოხატა ვიზალიბერალიზაციის საკითხის გაჭიანურების გამო, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ყველა აუცილებელი კრიტერიუმი შეასრულა.
„ევროკავშირიც და ნატოც ფიქრისა და შეფასებების კონსერვატიულ ეტაპზე არიან. ჩვენ ვთვლით, რომ ეს კონსერვატიული ფაზა რაღაც ეტაპზე უნდა შეიცვალოს უფრო აქტიური და უფრო ჩართულობითი დღის წესრიგით“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






