კობახიძე ამბობს, რომ ფორმატი იქნება ფართო და მასში, როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო სექტორი, ექსპერტები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან ჩართულები. ზუსტი ფორმატი ირაკლი კობახიძეს ტოკშოუ "არჩევანში" არ დაუკონკრეტებია.
კობახიძე ამბობს, რომ წინა ფორმატი, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობდა, პრობლემებს შეიცავდა, რის გამოც ფორმატმა ვერ იმუშავა. აქვე ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით, არ აქვს უფლება წარადგინოს ან მონაწილეობა მიიღოს კანონის შემოქმედების პროცესში.
"პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ ფორმატში ბევრი პრობლემა იკვეთება. სახელმწიფო მმართველობის ახალი ფორმატი გვაქვს, პრეზიდენტი ვერ იქნება ინიციატორი ამ მიმართულებით, ამას კონსტიტუცია განსაზღვრავს. ის კანონის შემოქმედების პროცესში პოსტფაქტუმ ერთვება, რაც ვეტოში გამოიხატება. კანონპროექტის ინიციატორი შეიძლება იყოს პარლამენტი.
"ჩვენი ამოცანა არის კონსტიტუციის დახვეწა. ერთადერთი, რაც ამ კონსტიტუციას შეიძლება გაუკეთო, შეიძლება ის დახვეწო, რადგან მას ვერ გააუარესებ. ხელისუფლების განაწილებული პრინციპი დარღვეულია მოქმედ კონსტიტუციაში. სერიოზული ხარვეზებია და ამაზე 2010 წელს ვენეციის კომისია აქტიურად საუბრობდა, მაგრამ არ გაითვალისწინეს," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
წყარო rustavi2.com
მასალის გამოყენების პირობები






