დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორებასთან მიმართებით. ეროვნულმა ბანკმა კი ლარის ახალი კურსი დაადგინა - ერთი ამერიკული დოლარი დღეის მონაცემებით 2.5311 ლარი ღირს.
ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ არსებული გეგმა, რომელიც მთავრობამ წარადგინა ცუდი არ არის, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდება. თუ შესაბამისი ზომები არ იქნება მიღებული ეკონომიკური მდგომარეობა ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდება:
„მე მაინტერესებს როგორი იქნება ფულადი საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებით ოპერირების გეგმა, რომელიც ბანკმა უნდა წარმოადგინოს. ეს ყველაფერი დიდი ნეგატივის გამომწვევი არ არის, მაგრამ არ მგონია ამან გადაწყვიტოს პრობლემა, რადგან პრობლემა გაცილებით ღრმაა, იგი ეკონომიკაშიც არის და არასწორ მაკროეკონომიკურ პოლიტიკაშიც, რომელიც მოიცავს მთავრობის საგადასახადო-საბიუჯეტო პოლიტიკას და ეროვნული ბანკის ფულად საკრედიტო პოლიტიკას, მე მაინტერესებს როგორი იქნება ვაჭრობის წესები, როგორი იქნება რეფინანსირების სესხების გაცემის მდგომარეობა, რეგულაციები, რომელიც კომერციულ ბანკებს დაუწესდებათ, მე მაინტერესებს სტაბილიზაციის მექანიზმები. შეძლებს მთავრობა გარკვეული კურსის ირგვლივ მაქსიმუმ 3%-იანი რყევებით შეინარჩუნოს კურსი?
ონლაინ სესხები და ეს მახინჯი საფინანსო ინსტიტუტები, რომლებსაც მახინჯი კანონმდებლობა უდევთ საფუძვლად, საკანონმდებლო ბაზაზე უნდა იქნეს რაციონალიზებული, ცივილიზებულ ქვეყნებში როგორც არის, არაფერი დრაკონული ამაში არ არის. მაინტერესებს ზუსტი გეგმა დედოლარიზაციისა როგორი იქნება. ახლა ინფლაცია დაბალია და მთავრობასაც და ეროვნულ ბანკსაც შეუძლია ისე, რომ ლარისადმი დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეცვალონ. თუ ხელიდან გაექცა ხელისუფლებას ეს ყველაფერი ძალიან მძიმე შედეგი იქნება. ჯერჯერობით არ ირებენ იმ გადამჭრელ ზომებს, რაც სიტუაციას სტაბილიზაციის პროცესში გადაიყვანდა. წინააღმდეგ შემთხვევაში ეკონომიკა უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს ღონისძიებები ცუდი არ არის, მაგრამ რამდენად საკმარისი იქნება?“, - აცხადებს დემურ გიორხელიძე.
მასალის გამოყენების პირობები






