"ნიუპოსტი" ენმ-ს წევრს მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა. ბიბილაშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არანაირი განხეთქილება არ არსებობს, თუმცა იქვე აცხადებს, რომ ყრილობის ჩატარების ფორმასა და დელეგატთა რაოდენობაზე აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად არსებობს.
"მინდა ცალსახად დავაფიქსირო, რომ ნაციონალურ მოძრაობაში არანაირი ორი დაპირისპირებული ფრთა არ არსებობს. არც ორი ყრილობის ჩატარებაზე მიმდინარეობს საუბარი. უბრალოდ პოლიტსაბჭოზე წარდგენილია ყრილობის ჩატარების ორი ალტერნატიული წესი, რომელსაც პოლიტსაბჭო ხვალ განიხილავს და გადაწყდება, როდის, რა ფორმით, რა შინაარსით იქნება მოწვეული ნაციონალური მოძრაობის ყრილობა"- აღნიშნა ზაზა ბიბილაშვილმა.
ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ყრილობის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით ორი ვერსია არსებობს.
"ერთ-ერთი შემოთავაზება ითვალისწინებს ყრილობის გამართვას 27 დეკემბერს, ხოლო მეორე შემოთავაზება ყრილობის იანვარის ბოლოს გამართვას ითვალისწინებს, მეორე ითვალისწინებს დელეგატების ქვემოდან ზემოთ არჩევის წესს, რასაც დამატებითი დრო სჭირდება"- უთხრა "ნიუპოსტს" ბიბილაშვილმა.
მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ "პარტიაში ორი დაპირისპირებული ფრთის მიერ ორი ყრილობის ჩატარებაზე გავრცელებული" ინფორმაცია სპეკულაციაა.
"ამ ეტაპზე ორი ალტერნატიული ვარიანტი განიხილება ყრილობის მოწვევის წესისა და თარიღის შესახებ. ეს განხილვა ხვალ, პოლიტსაბჭოს ფორმატში იქნება. არსებობს ძალიან მყარი არგუმენტები თუ როგორ უნდა და რატომ იქნას ფართო ფართო მასშტაბიანი ყრილობა მოწვეული. მაგალითად "ნაციონალური მოძრაობა" 2003 წლიდან მოყოლებული ყოველთვის ატარებდა ძალიან ფართომასშტაბიან ყრილობას. ჩვენ გვაქვს ამის ძალიან მყარი ტრადიცია და არ არსებობს არანაირი წინაპირობა ეს ტრადიცია შევცვალოთ. იმ პირობებში, რაც ივანიშვილმა გააკეთა 8 ოქტომბერს და შემდეგ მეორე ტურში, ამას არჩევნები პირობითად შეიძლება ერქვას. ახლა გაცილებით მაღალია ჩვენი აქტივისტებისა და რეგიონალური მხარდამჭერების სურვილი და მოთხოვნილება რომ პარტიის მართვაში უფრო აქტიურად ჩაერთონ და ამის ობიექტური საჭიროება ნამდვილად არსებობს"- აღნიშნა ბიბილაშვილმა.
ენმ-ს ახალი სახე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის პარტიის თავმჯდომარე ეს პოსტი კი დღეს ვაკანტურია. ბიბილაშვილი თვლის, რომ პარტია 2015 წელს მიღებული გადაწყვეტილების ერთგული უნდა დარჩეს.
"მას შემდეგ, რაც ივანიშვილის რეჟიმმა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვა, 2015 წლის 5 დეკემბერს პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ივანიშვილის მიერ თავსმოხვეულ თამაშის წესებს არ ვიღებთ და ამ პოსტს ვაკანტურად ვტოვებთ. ეს მოცემულობა ქვეყანაში არ შეცვლილა, შესაბამისად ამ გადაწყვეტილების გადახედვის საჭიროება არ არსებობს. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ პარტიის წესდებით პარტიის თავმჯდომარეს არ გააჩნია არანაირი აღმასრულებელი უფლებამოსილება და ის უფლებამოსილებები, რაც პარტიის თავმჯდომარეს გააჩნია დუბლირებულია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარესთან. შესაბამისად პარტიას არაფერში აფერხებს ის ფაქტი, რომ თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია, არც ეფექტურ ფუნქციონირებაში და არც ზოგადად არაფერში. ასე რომ ამ გადაწყვეტილების გადახედვის წინაპირობა არ არსებობს"- თქვა ბიბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






