საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, საქართველომ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ძალიან ბევრი საყვედური და სანქციებიც კი მიიღო იმის გამო, რომ ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებების მიღება შეჩერდა.
“აქ საუბარია არა იმაზე, რომ პასუხისმგებლობა მოეხსნას ადამიანებს, რომელიც ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შედის, არამედ საუბარია იმაზე, რომ პირველ ეტაპზე, როცა ადამიანმა არც კი იცის, რომ ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა, სისხლის სამართლის წესით არ დაისაჯოს და იყოს ფინანსური ჯარიმა, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იყოს განმეორებით შემთხვევაში. საქართველოს ორწლიანი სანქცია დაედო იმის გამო, რომ მოხდა პასუხისმგებლობის გამოყენება ევროსაბჭოს წევრი დეპუტატების მიმართ. სწორედ იმის გამო, რომ მათ მიმართ მოხდა კანონის გამოყენება, ქვეყანა დაისჯა - ორი წელი სანქცია გვედო და ევროსაბჭოს ეგიდით არც ერთი საერთაშორისო ღონისძიება არ ტარდებოდა. მთავარია არა ის, “ნაციონალური მოძრაობა“ გაგვაკრიტიკებს თუ არა, არამედ მთავარია ის, რომ ჩვენი ევროპელი ლიდერები და ევროპული სტრუქტურები არ აკრიტიკებდნენ საქართველოს და სანქციას არ ადებდნენ ქვეყანას, კანონში ცვლილებების მიუღებლობის გამო“, - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






