2016 წლის 24 ნოემბერს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს ფარგლებში, ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით განხილულიიქნა საკითხი რუსეთის ფედერაციის მიერ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნასთან დაკავშირებით დადებული ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის თაობაზე.
აღნიშნულ საკითხზე განცხადება გააკეთა ეუთო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ მაკა ბოჭორიშვილმა, რომელმაც დაგმო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის შესახებ კანონის ხელმოწერის ფაქტი და აღნიშნა, რომ რუსეთის ამგვარი პროვოკაციული ნაბიჯები უგულებელყოფს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს და მიმართულია საქართველოს ოკუპირებულირეგიონების ანექსიისკენ. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ მსგავსი მოქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას. საქართველოს წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ ვალდებულებებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები და უზრუნველყოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების შექმნა. ამასთან, მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას,სათანადოდ შეაფასოს რუსეთის აგრესიული ქმედებები და ქმედითი ზომები მიიღოს უსაფრთხოების ვითარების შემდგომი დამძიმების თვიდან ასაცილებლად.
საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ს, კანადის და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის სახელით გაკეთებულ განცხადებას მიუერთდა ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ნორვეგია, ისლანდია, უკრაინა და მოლდოვა.
ევროკავშირის წარმომადგენელმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის მიერ აფხაზეთის რეგიონში შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის თაობაზე ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციის ფაქტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ევროკავშირისათვის ხსენებულ„შეთანხმებას“, ისევე სხვა მსგავს დოკუმენტებს, იურიდიული ძალა არ გააჩნია. აღნიშნული ე.წ. შეთანხმებები არღვევენ საერთაშორისო სამართალს, მათ შორის, საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს და ეწინააღმდეგებიან 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით რუსეთის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და რუსეთს მოუწოდა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისაკენ.
აშშ-ს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ მტკიცედ ეწინააღმდეგება მოსკოვსა და სოხუმს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას და არ ცნობს მის იურიდიულ ძალას. აშშ-ს პოზიცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებთან მიმართებაში ცნობილია: ეს რეგიონები წარმოადგენენ საქართველოს განუყოფელ ნაწილს და აშშ მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. აშშ-ს წარმომადგენელმა მოუწოდა რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს ჯარები, უარყოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და უზრუნველყოს ჰუმანიტარული წვდომა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში.
კანადის მუდმივმა წარმომადგენელმა დასძინა, რომ ხსენებული ე.წ შეთანხმება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, მათ შორის,საქართველოს სუვერენიტეტის და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს.
მასალის გამოყენების პირობები






