კახა კახიშვილის განმარტებით, მსჯავრდებულთათვის განათლების უფლების მინიჭების საკითხზე სასჯელაღსრულების უწყება განათლების სამინისტროსთან ერთად მუშაობს. აღნიშნული გათვალისწინებულია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტრომ მთავრობას უკვე წარუდგინა და მისი ინიცირება მალე პარლამენტშიც მოხდება.
„დაბალი რისკის ან გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, უმაღლესი განათლების დისტანციურად მიღების საშუალება მიეცემათ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა და არასაპატიმრო სასჯელის სახის - შინაპატიმრობის შესახებაც ისაუბრა, რომლის ამოქმედება სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის ასევე გათვალისწინებულია სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში.
„მოგეხსენებათ, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საფუძველზე, უკვე ამოქმედდა შინაპატიმრობა არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის. ამავდროულად, მზად არის ინიციატივა და პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ აღვასრულოთ შინაპატიმრობის მოდელი სანქციის სახით სრულწლოვანი, ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებულებისთვისაც“, - განაცხადა კახა კახიშვილმა და განმარტა, რომ ეს მოდელი პატიმრების რაოდენობის შემცირებას შეუწყობს ხელს.
ამასთან, მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, მთავრობის საპარლამენტო მდივნის ხელმძღვანელობით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, მზადდება ახალი ინიციატივა, რომელიც აღკვეთის ღონისძიების სახით წინასასამართლო პრობაციის შემოღებას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები






