ფესტივალის სტუმრებს, ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების“ ახალგაზრდული გუნდისა და „ქართული ხმების“ კონცერტებზე დასწრებით საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ქართული ნაციონალური ცეკვისა და პოლიფონიური სიმღერის მრავალწლიან ტრადიციას. ასევე, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინსიტროს მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე ფესტივალის მონაწილეებმა მიიღეს დაწვრილებითი ინფორმაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ. სტუმრებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოც.
წარმოდგენებს 1500-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. მათ შორის კვიპროსის ხელისუფლების, კულტურის დარგის, საქმიანი წრეების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა, დიასპორის წარმომადგენლები და ნიქოზიაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები. ფესტივალის პარტნიორები იყვნენ კვიპროსის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, ლიმასოლის, ნიქოზიას, სტროვოლოსის მუნიციპალიტეტები, ტურისტული კომპანია TRAVELHOUSE და ავიაკომპანია WIZZ AIR.
კვიპროსის განათლებისა და კულტურის მინისტრმა კოსტას კადისისა და კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, რევაზ ლომინაძემ ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს, რომელიც ეძღვნებოდა როგორც ფესტივალს, ასევე ორ ქვეყანას შორის უკვე არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს.
კულტურის ფესტივალი ქალაქ ნიგოზიასა და ლიმასოლში 16-18 ნოემბერს ჩატარდა. მან დიდი წარმატებით ჩაიარა და ფართოდ გაშუქდა მედიაში. ასევე გაჩნდა ფესტივალის დაარსების იდეაც.
მასალის გამოყენების პირობები






