„პატრიოტთა ალიანსი“ წარმოდგენილ მინისტრთა კაბინეტს ნდობას არ უცხადებს. ირმა ინაშვილის განცხადებით, მათი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი არის ის, რომ მინისტრთა კაბინეტში არიან აგულაშვილი, გიორგაძე, ქუმსიშვილი და ალავიძე:
„კულტურის მინისტრთან მიმართებაში გვაქვს პრეტენზიები და ეს არის საყდრისის აფეთქება, დანგრევა. უნიკალური ძეგლის განადგურება არის სისხლის სამართლის საქმე და უნდა აგოს პასუხი მან. დღეს, უტიფრად გამოდის და ამბობს, რომ არ ნანობს და კიდევ მოაწერდა ხელს ასეთი ტიპის ბრძანებულებას. მე ვეუბნები მას, რომ დრო მოვა და ის ციხეში წავა, სადაც დრო ექნება იფიქროს სწორად მოიქცა თუ არა ბატონი გიორგაძე. აგულაშვილის მხარს არ ვუჭერთ, რადგან მონაწილეობა მიიღო საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში. ასევე, განუკითხაობაა ხე-ტყის მიმართულებით. პრეტენზიები გვაქვს და მწვავე შეკითხვები დაისმება განათლების მინისტრთან მიმართებაში, რომელიც დაინტერესებულია მხოლოდ კომბლეს და ქართული ზღაპრების რევიზიით და ვერ ვისმენ, წარმოადგინა თუ არა მან განათლების ეროვნული კონცეფცია. ძალიან საინტერესოა ისეთი პერსონა მინისტრთა კაბინეტში, როგორიც ალავიძეა. ის უკვე ტყუილით იწყებს მის კარიერას. ადამიანი, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველი იყო, იმასაც კი არ ადასტურებს, რაც სიმართლეა. მინისტრი რომ გახდება, მერე რას იზამს. ასეთ კაბინეტს ჩვენ მხარს არ დავუჭერთ“,- განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






