მინისტრობის კანდიდატმა გამოსვლისას ძირითადი ყურადღება უწყებაში მსჯავრდებულთა დასაქმების მიზნით განხორციელებულ პროექტებს, პატიმართა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, რესოციალიზაციის პროგრამების, არასაპატიმრო სასჯელთა განვითარებისა და მსჯავრდებულთა რისკების მიხედვით კლასიფიკაციის საკითხებს დაუთმო.
მან განსაკუთრებით აღნიშნა, სახალხო დამცველისთვის პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების უფლების მინიჭების საკითხი, რაც უპრეცედენტო სიახლეს წარმოადგენს.
„დასრულდა დრო, როდესაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის იზოლაციისთვის გამოიყენებოდა. გასული 4 წლის მანძილზე სხვადასხვა, მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო პროგრამა შევიმუშავეთ. დაწესებულებებში შესაძლებელია პროფესიული განათლების მიღება და მსჯავრდებულთა დასაქმება. გვაქვს შესაძლებლობა ხელშეკრულებით პატიმრები დავასაქმოთ მცირე სარემონტო სამუშაოებზე, რაშიც ანაზღაურებას მიიღებენ. ავამოქმედეთ სპეციალური ონლაინ მაღაზია, სადაც მსჯავრდებულების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნივთები იყიდება. რეალიზაციიდან მიღებული თანხა კი, პირდაპირ მათ ანგარიშზე ირიცხება“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
კახა კახიშვილმა ახალი პროექტის შესახებაც ისაუბრა, რომელიც 14-დან 21 წლამდე ასაკის მსჯავრდებულთათვის ცალკე დაწესებულების აშენებას ითვალისწინებს. პროექტი ევროკავშირის რეკომენდაციითა და მათი მხარდაჭერით განხორციელდება.
კომიტეტის სხდომაზე, სადაც თავიანთი უწყებების სამომავლო პროგრამები სხვა მინისტრობის კანდიდატებმაც წარადგინეს, კახა კახიშვილმა დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა, რომელიც სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის გაძლიერებას შეეხებოდა.
იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებმა ხმათა უმრავლესობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ ნდობის გამოცხადებისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას მხარი დაუჭირეს.
მასალის გამოყენების პირობები






