ჟურნალიტების ინფორმაციით, „მედია ბაზრის დალაგება“ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გიორგი ბარათაშვილის წასვლით დაიწყო. უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზად, პირადი გადაწყვეტილება სახელდება. თუმცა კითხვის ნიშნებს ბადებს ბარათაშვილის მოულოდნელი განცხადება იმ ფონზე, როცა ამ უკანასკნელმა სასამართლოს გზით თანამდებობა ორჯერ აღიდგინა.
„ქრონიკა პლუსის“ მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის ინფორმაციით, „საზმაუ-ს“ ვასილ მაღლაფერიძე ჩაიბარებს, რომელიც ახლა ტელეკომპანია GDS-ს ხელმძღვანელობს. თავად GDS კი მალე დაიხურება, რადგან "მისი შენახვა ივანიშვილს ძვირი უჯდება და მან არც საარჩევნოდ დადო სასურველი რეიტინგი".
კილაძის ინფორმაციით, ცვლილებები იგეგმება ტელეკომპანია „მაესტროზეც“, საიდანაც რამდენიმე წამყვანი სახე ტელე-იმედზე გადავა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ასევე დაიხურება რამდენიმე საინფორმაციო სააგენტო, რომელიც ელისო კილაძის მტკიცებით, წინასაარჩევნოდ შეიქმნა და სუს-ის მიერ კონტროლდებოდა.
მედიაში მოსალოდნელ „წმენდაზე“ „ნიუპოსტთან“ ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა ანი მიროტაძემაც ისაუბრა:
„ჩემი ინფორმაციების ნაწილი უკვე დადასტურდა - მაესტროზე რამდენიმე პოლიტიკური თოქ-შოუ დაიხურა, ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით ეს გადალაგებები ახალი წლიდან უნდა მოხდეს. მე მაქვს ინფორმაცია, რომ უნდა დაიხუროს GDS-ის საინფორმაციო მიმართულება და ამ მიმართულებაში დასაქმებული ჟურნალისტების განაწილება სხვადასხვა არხებზე უნდა მოხდეს, მათ შორის „საზოგადოებრივ მაუწყებელში“ და ტვ „იმედში“. ხელისუფლების ძირითადი მოთხოვნაა შექმნას ლოიალურად განწყობილი მედია, მათ შორის ელექტრონული მედია და თუ გადავხედავთ ელექრტონულ მედიას დავინახავთ, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ არჩევნებამდე იყო დაწყებული“- აღნიშნა ანი მიროტაძემ.
„ეროვნული ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, „რუსთავი 2“-თან მიმართებაში „ხელისუფლებას რთულად აქვს საქმე“.
„არ ვიცი რა გადაწყვეტილებას მიიღებს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა, თუმცა თუ რ2-ი ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადავა, მედია სივრცის დალაგება და ხელისუფლების მიმართ ლოიალურად განწყობილი მედიის შექმნა ამით დასრულდება. ამიტომ ვუწოდებ ამ პროცესს რთულს. გასაგებია, რომ დღეს ტელევიზიების, გადაცემების დახურვის, ან ჟურნალისტების გაშვება ძალისმიერი მეთოდებით არ ხდება, მაგრამ მედია სივრცის გადანაწილება სახეზეა. საბოლოო ჯამში მივიღებთ სურათს, სადაც განსხვავებულ, კრიტიკულ აზრს ვერ მოვისმენთ. ყველა ხელისუფლებას აქვს იმის ცდუნება, რომ ნაციონალურმა მაუწყებლებმა ერთ ენაზე ისაუბროს, რომელსაც ხელისუფლების გარკვეული ფრთა განსაზღვრავს, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ არსებობს. ის რომ ტენდენცია მეორდება, ფაქტია. ბუნებრივია „ნაციონალური მოძრაობის“ მასშტაბებთან დაკავშირებით არ ვსაუბრობ, თუმცა ის, რომ ხელისუფლებას სურვილი აქვს მედია გააკონტროლოს, ფაქტია“- განაცხადა „ნიუპოსტთან“ ანი მიროტაძემ.
ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი „ნიუპოსტთან“ აცხადებს, რომ მედიაში მოსალოდნელ „წმენდაზე“ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა იქვე აქცხადებს, რომ ეს მოარული ხმები ყურადსაღებია:
„ეს ხმები ყურადღება მისაქცევია იმ თვალსაზრისით, რომ გარკვეულ შემთხვებებში, პრაქტიკა ამას გვაჩვენებს, რომ მართლდება-ხოლმე, თუმცა მე კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს. ჩვენ ვაკვირდებით ტენდენციებს, რომელიც მედიაში მიმდინარეობს. განსაკუთრებით ეს რუსთავი 2-ს ეხება და ეხება იმას, რომ დიდი კოლეგია განიხილავს ამ საქმეს - მე გულწრფელად გეტყვით, ამ პროცესს თბილი ოპტიმიზმით შევხედავდი. დამუოკიდებლად იმისა, მოგვწონს თუ არა რუსთავი 2, ის მედიის იმგვარი საშუალებაა, რომელიც სახელისუფლებო საინფორმაციო პოლიტიკას არ ატარებს. ამგვარად მისი ამ შემადგენლობით და სარედაქციო პოლიტიკით შენარჩუნება ქვეყნისთვის კარგი იქნებოდა. სამართლებრივ განხილვაში მე ვერ შევალ, არ მყოფნის კვალიფიკაცია დავადგინო ქიბარ ხალვაშს ეკუთვნის თუ დღევანდელი მფლობელების არის ტელევიზია. დილეტანტის გადმოსახედიდან, რა არგუმენტებსაც ვისმენ, მგონია, რომ მსუყე, ძლიერი არგუმენტებია რუსთავი 2-ის ამ შემადგენლობის და არა ქიბარ ხალვაშის ადვოკატების, თუმცა სასამართლო უფლება-მოსილებაში ვერ შევალ. როგორც აღვნიშნე, მე ოპტიმისტი ვიქნები და ვიმედოვნებ, რომ დიდი კოლეგია სამართლიან, სინდისზე დაფუძნებულ და სამართალზე დაფუძვნებულ გადაწყვეტილებას მიიღებს“- აღნიშნა ტაბლიაშვილმა.
„ნიუპოსტმა“ ჟურნალისტს ონლაინ გამოცემების შესაძლო დახურვაზეც ჰკითხა, რაზეც ტაბლიაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ონლაინ გამოცემები იმდენად ძლიერი არ არის, რომ გარკვეული წმენდები ან სხვა პროცესები დაიწყოს:
„საზოგადოება, ჩვენ, ჟურნალისტები მედიაში მიმდიონარე პროცესებს გამადიდებელი შუშით უნდა დავაკვირდეთ. ბუნებრივია უნდა ვიყოთ კრიტიკულები. საზოგადოების გარკვეული ნაწილს ჰგონია, რომ რადგან არჩევნები დასრულდა, პოლიტიკური დებატები არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში დამოუკიდებლად იმისა, საარჩევნო ციკლში ვართ თუ არა. ასე რომ დებატების სივრცის შეზღუდვა, შემცირება, ქვეყნისთვის სასარგებლო არ არის, ვისურვებდი რომ პოლიტიკური თოქ-შოუები, რაც შეიძლება ბევრი იყოს და არა თუ მედიის დახურვაზე, შეჩერებაზე ან ვინმესთან მიერთებაზე არამედ პირიქით გამრავლებაზე და გამრავალფეროვნებაზე გვქონდეს ინფორმაცია“- თქვა ირაკლი ტაბლიაშვილმა.
დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






