„საარჩევნო რეფორმის კუთხით ჩვენ მივეცით ქვეყანას ფოტოსურათიანი საარჩევნო სია. ჩვენ ამ არჩევნებზე გვქონდა დამოუკიდებლობის შემდეგ ყველაზე ზუსტი და სანდო საარჩევნო სია. დღეისათვის ამ სიაში, იმ პრაქტიკული რეფორმების წყალობით, რაც სამოქალაქო რეესტრში ჩავატარეთ, 2.600.000 საარჩევნო მონაცემი არის ზუსტი. ბოლო 4 წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ელექტრონული პირადობის მოწმობა გაიცა უფასოდ, რამაც თავისი როლი შეასრულა საარჩევნო სიის დახვეწაში“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
წულუკიანის შეფასებით, იუსტიციის სამინისტრომ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა წინ.
„სისხლის პროცესი, მატერიალური კოდექსი და სხვა კანონები, დაცვის უფლება იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტთან ერთად, თქვენთან ერთად, ჩვენ ძალიან ბევრი ნაბიჯი გადავდგით წინ. შეჯიბრებითობამ, მხარეთა თანასწორობამ, დაცვის უფლებამ რეალური შინაარსი შეიძინა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და ეს აუცილებლად გაგრძელდება“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
მე-9 მოწვევის პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე იუსტიციის მინისტრმა ვიზელიბერალიზაციისა ასოცირების ხელშეკრეულებაზე ისაუბრა.
„იუსტიციის სამინისტრო, ძალიან ბევრი მიმართულებით, მთლიანად მთავრობა, მუშაობდა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისთვის, მუშაობდა ვიზალიბერალიზაციის ტექნიკური დავალებების შესრულების წარმატებით დასრულებისთვის, რაც 2015 წლის დეკემბერში ევროკავშირის შესაბამისი სტრუქტურების მიერ იქნა აღიარებული, და მე, რა თქმა უნდა, არ მეყოფა ის დრო, რაც მაქვს მოცემული, რომ იუსტიციის სამინისტროს როლზე ვისაუბრო, თითოულმა საჯარო მოხელემ რა გააკეთა იმისთვის, რომ ეს პროცესი დადებითად დასრულებულიყო. თქვენ როგორც იცით, ბურთი ახლა არის ევროკავშირის მოედანზე და ველოდებით მათ პასუხს. ჩვენი მხრიდან კი შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველომ, ქართველმა ხალხმა და მის მიერ არჩეულმა მთავრობამ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს პროცესი წარმატებული ყოფილიყო“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






