მეორე ისტორია კი ახლა, ჩვენს თვალწინ იწერება, მაგრამ მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ „რუსთავი 2“-ის საქმე ჟურნალისტ ნაზი შამანაურის ტრაგედიის ერთგვარი გაგრძელებაა...
ნაზი შამანაური საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლი გახდა - „წითელის იდეოლოგიის“ მამებმა „გიჟად“ მხოლოდ იმიტომ გამოაცხადეს, რომ სიმართლეს დაუფარავად ამბობდა და ცალკეულ გაზულუქებულ მარქსისტ-ლენინისტებს უკეთურებაში ამხელდა.
„რუსთავი 2“-იც „ვიღაცებს“ ამხელს. შესაბამისად, ამ „ვიღაცებს“ უნდათ, მშვიდად დაიძინონ. ჰოდა, ცდილობენ, „არამკითხე მოამბე“ ტელევიზია, სამართლიანობის აღდგენის ეგიდით, „გიჟად“გამოაცხადონ. ეს შეფასება შესაძლოა, მძაფრია და იქნებ, არც ე.წ. „ჟურნალისტურ ეთიკაში“ ჯდება, მაგრამ უბრალოდ, საინტერესოა, იგივე ქიბარ ხალვაშს „სამართლიანობა“ მაშინ რატომ არ გაახსენდა, როცა „რუსთავ 2“-ის მფლობელი გახდა? იქნებ, „გაახსენდა“, მაგრამ როცა მიხვდა, რომ „ნაციონალებმა“ ტელევიზია „ჩაუდეს“, ალბათ, უკვე გვიანი იყო...
მოკლედ, იცვლება ეპოქა, იცვლება პოლიტიკური ფორმაცია, მაგრამ უცვლელია „ძლიერთა ამა ქვეყნისათა“ სურვილი - საზოგადოება და მისი ცალკეული წევრები მორჩილებაში ჰყავდეთ! ასე იყო კომუნისტებისა და „ნაციონალების“ დროს, ასეა ახლა და მომავალშიც, ალბათ, ასე იქნება, თუკი ჩვენ, ამომრჩევლები ერთხელ და სამუდამოდ არ შევთანხმდებით უმარტივეს ჭეშარიტებაზე - სიტყვისა და აზრის გამოხატვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ყველა, ვინც ამ უფლების ფეხქვეშ გათელვას მოინდომებს, ჩვენგან, ესე იგი, იმ ხალხისგან, ვისი გადასახადების ხარჯზეც ჯამაგირს იღებს და უდრტვინველად ცხოვრობს, საკადრის პასუხს მიიღებს!
მოკლედ, „ნიუპოსტი“ არაფერს იგონებს. უბრალოდ, ნაზი შამანაურის ტრაგედიასა და „რუსთავი 2“-ის საქმეს შორის ერთგვარ პარალელს ავლებს. ეს პარალელი ზოგისთვის შეიძლება, მიუღებელი აღმოჩნდეს. ზოგს ალბათ, ნერვებსაც მოუშლის, მაგრამ გვინდა თუ არა, ფაქტია: მედიას, კომუნისტურის მსგავსად, დემოკრატიულ საქართველოშიც უპირისპირდებიან! არადა, მეოთხე ხელისუფლებასთან ბრძოლა, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ცუდი ტონია, ბატონებო!
`...1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში, ვაჟაობაზე ვიყავით მე და დედა. გადავწყვიტე, სიტყვით გამოვსულიყავი და ვთხოვე ნებართვა რაიონის ხელმძღვანელს, რომელმაც სიტყვის უფლება არ მომცა და მისი მითითებით, გაოგნებული საზოგადოების თვალწინ, დედა-შვილი მილიციის მანქანით წამოგვიყვანეს. ორი დღე დაგვტოვეს მილიციის საპატრიმროში... 16 აგვისტოს, ორშაბათს, წამოგვიყვანეს თბილისში და დედა-შვილი მოგვათავსეს ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალთა პირველ განყოფილებაში, სადაც უფრო მეტად აღგზნებული ავადმყოფები არიან. მე და დედას შიშისაგან არ გვეძინა. მე-13 დღეს დაგვაშორეს ერთმანეთს, დედა გადაიყვანეს მე-9 განყოფილებაში და მე პირველ განყოფილებაში დამტოვეს. ამ დღიდან დაიწყო ჩემი ტანჯვა-წამება, გამატიტვლეს ყველას თავლწინ, თმებით მათრიეს, 13 დღის ნაშიმშილევს შემიკრეს ზეწრებით ხელ-ფეხი, მუცელში მცემდნენ, ცხვირზე ხელს მაჭერდნენ, რომ პირი გამეღო... შიგ სახეში მცემდნენ, ხითხითებდნენ, შენ აქედან ცოცხალი ვერ გახვალ, შენთვის ეს სურამის ციხედ იქცევა, ჟურნალისტი გამოვიდა სიმართლის მაძიებელი,” - ესაა ამონარიდი დღიურიდან, რომელიც წამებულმა ჟურნალისტმა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაწერა, თუმცა „ფსიქიატრიულის“ მაშინდელი დირექტორი, აბელ მამარდაშვილი ამტკიცებდა, ეს დღიური ნაზი შამანაურს არ ეკუთვნისო.
სხვათაშორის, ჟურნალისტის საქმეზე გამოძიება არც კომუნისტებს ჩუტარებიათ და არც - რომელიმე იმ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყნის სათავეში საქართველოს დამოუკიდებლობის აღგენის შემდეგ მოვიდა. შესაბამისად, დანამდვილებით არავინ იცის, ნაზი შამანაური ძალადობის მსხვერპლი გახდა თუ ბუნებრივი სიკვდილით აღესრულა!
...ნაზი შამანაურის ნამოსახლარი ზუსტად 20 წლის წინ, 1996 წლის დეკემბერში მოვინახულე. მაშინ ნაზის დედა, ქალბატონი სარა ინაშვილი რამდენიმე თვის გარდაცვილი იყო. მახსოვს, მასპინძლობა ჟურნალისტის ბიცოლამ, ქალბატონმა ეთერმა და მისმა ვაჟებმა - ვახტანგ და ტარიელ ინაშვილებმა გამიწიეს.
_ სიმართლისათვის წამებით მოკლეს, საწყალი გოგო გიჟად მონათლეს, შემომტირა ქალბატონმა ეთერმა, _ საავადმყოფოდან ნაზის ცხედარს არ გვატანდნენ. ხუთი დღე დადიოდა ჩემი ბიჭი, რომ მიცვალებული დუშეთში ჩამოესვენებინა, მაგრამ მორგიდან მორგში აგზავნიდნენ, მკვდრისაც ეშინოდათ! ბოლოს, სასწრაფო დახმარების მანქანაში ვიპოვეთ, ზემოდან სამი-ოთხი მიცვალებული ესვენა და, როგორც გავიგეთ, თბილისის გარეუბანში, უპატრონოთა სასაფლაოზე უპირებდნენ დამარხვას...
სკოლა რომ დაუმთავრებია, დედას პიანინო უყიდია, საჩუქარს ნაზი უზომოდ გაუხარებია... ქუჩაში სიარული არ ჰყვარებია. დღე და ღამე წიგნებში ყოფილა ჩაფლული, ფრანგულიც თავისით უსწავლია და მუშაობა დუშეთის სკოლა-ინტერნატში დაუწყვია, სადაც ბევრი უსამართლობა დაუნახავს და უთქვამს, ამის მოთმენა არ შემიძლია, ჟურნალისტიკაზე ჩავაბარებ და სიმართლის თქმას მაშინ ხომ ვეღარ დამიშლიანო...
_ ...1982 წელს დუშეთში შევარდნაძე ჩამოვიდა. ნაზი რაიკომის შენობის შესასვლელთან დახვდა და მოწიწებით სთხოვა, რომ მოესმინა. შევარდნაძემ თავი დაუქნია, მაგრამ რაიკომის მდივანმა და მისმა ქვეშევრდომებმა ლაპარაკი არ აცალეს, გიჟია, რას უსმენთო, - იხსენებდა ნაზის ბიძაშვილი ტარიელი.
ბოლო დროს ნაზი, როგორც ბიცოლამისმა, ეთერ ინაშვილმა 20 წლის წინ მითხრა, ეჭვიანი გამხდარა და, თურმე, აღარავის ენდობოდა:
- ეგონა, ყველა მიგზავნილი იყო და მისი სიკვდილი უნდოდა. ხშირად უმიზეზოდაც ჩხუბობდა. რამდენჯერმე მითხრა, ბიცოლა, ჩემი ბრალი არ არის, ნერვები აღარ მაქვსო. ნაზიმ თავი თვითონ დაიღუპა, მისი მტერი მისი სიმართლე იყო! ვთხოვდი, გაჩერებულიყო, მაგრამ ჩემს ნათქვამს ახლოს არ იკარებდა... ნაზი ბოლოს 1983 წლის 7 იანვარს, შობას, საავადმყოფოში ვნახე. სასიკვდილო არაფერი შემიმჩნევია, თუმცა უზომოდ გამხდარი და საშინლად ნაცემი იყო. გამომშვიდობებისას მითხრა, ბიცოლა, მალე წამიყვანე აქედან, თორემ მომკლავენო... დარწმუნებული ვარ, ნაზი ფისიქტრიულ საავადმყოფოში ცემით მოკლეს და, კვალის დამალვის მიზნით, გვამი მე-9 საავადმყოფოში გადაიტანეს. სხვათა შორის, მიცვალებულს მარცხენა ხელი და ფეხი მოტეხილი ჰქონდა, თავი _ სისხლიანი და შუაზე გადახეთქილი. ნაზის დედას, სარას შვილის ცხედარიც არ აჩვენეს და ფსიქიატრიული საავადმყოფოდან დასაფლავების მეორმოცე დღეს გამოუშვეს. სარას სიცოცხლის ბოლო წუთამდე ეგონა, რომ ნაზი საქმეზე იყო წასული, მალე დაბრუნდებოდა, სახლს ალაგებდა, ნაზის საყვარელ ხაჭაპურსა და ქადებს აცხობდა, გოგო ნამგზავრი იქნება და ეშიებაო.
ამ თემაზე მუშაობისას დავასკვენი, რომ ნაზი შამანაური დისიდენტი არ იყო - მას კომუნიზმის სწამდა, მაგრამ იმ ჩინოსნების წინააღმდეგ ილაშქრებდა, რომლებიც ლენინიზმის იდეას ამახინჯებდნენ. ეს მოსაზრება თავის დროზე ნაზის ბიძაშვილმა, ტარიელ ინაშვილმაც დამიდასტურა:
_ ნაზი კომუნისტური წყობის წინააღმდეგი არ იყო. პირიქით, ყოველთვის ამბობდა, რომ ლენინური სიმართლით უნდა გვეცხოვრა. ის იმ პარტიულ ფუნქციონერებს ვერ იტანდა, ვინც ხალხის შრომით მდიდრდებოდნენ. სხვათა შორის, ნაზი მორწმუნე და ეკლესიური იყო - დღე არ გავიდოდა, სანთელი არ დაენთო და არ ელოცა...
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტილი ჟურნალისტი დახმარებას საზოგადოებას სთხოვდა. 60-გვერდიან წერილში, რომელიც ნაზი შამანაურმა ფსიქიატრიულიდან რამდენიმე ცნობილ მწერალს გაუგზავნა, ვკითხულობთ: `...ნახეთ, როგორ შემიგინეს ადამიანური ღირსება და მაღალი მოქალაქეობრივი შეგნება, კომუნისტის უმწიკვლო სახელიც... დუშეთის რაიონის მწვავე პრობლემებზე მე, როგორც ჟურნალისტმა საკითხი აღვძარი 1973 წლიდან საქ. კპ ცენტრალურ კომიტეტში. ამხანაგმა სირაძემ მადლობა გადამიხადა ჩემი ჟურნალისტური საქმიანობისათვის და მითხრა, ამ საკითხებზე უახლოეს მომავალში ცენტრალური კომიტეტი იმსჯელებსო, მაგრამ ამის შემდეგ მწვავე დევნა დამიწყეს არათუ მე, არამედ ჩემს ოჯახს... რედაქციებში ამიკრძალეს თანამშრომლობა. 1978 წლის 28 ივნისს, ფლოტის დღეს, რადიო-რედაქციამ (ამხ. პ. შამათავა) პროგრამათა ფურცლიდან ამოიღო სევასტოპოლის გმირი დამცველის ქეთევან ხომერიკისადმი მიძღვნილი ნარკვევი. რედაქციაში მითრხეს, ვინ გყავს ასეთი ძლიერი მტერი, რომლის ძალითაც ასე გზღუდავს პეტრე შამათავაო. ჩემი მტერი ეს ჩემი სიმართლე იყო!.. სწორედ ამ შეულამაზებელი სიმართლის, ხალხის გამოქომაგებისა და მაღალი იდეებისათვის მოგვათავსეს ხალხის მტრებმა სულიერად დაავადებულთა თავშესაფარში!.. რატომ ეშინიათ სიმართლის მხილების? კონსტიტუციით ხომ ნებადართულია საჯაროდ სიტყვის თქმის უფლება! თუკი ეს სიტყვა, რა თქმა უნდა, ხალხის ინტერესებისთვისაა ნაკარნახევი. მაშ რაშია საქმე?!. ნუთუ, სამშობლო ცოცხლად დაგვმარხავს თავის ერთგულ შვილებს და უკვალოდ გაქრება ჩვენი ოჯახის მაღალი შეურყვნელი წმინდა პატრიოტული შეგნება ხალხისა და ერის წინაშე? თუკი ბოროტ ძალებს შეუძლიათა გაერთიანდნენ თავიანთი მზაკვრული ინტერესების განსახორციელებლად, ქვეყნის საძარცვავად და ასაოხრებლად, მაშ, რატომ არ ძალუძს მივაყუდოთ ზურგი მამულის სადიდებლად?"
დღიურში ნაზი შამანაური ერთ-ერთი მთავარ მოძალადედ ფსიქიატრიული საავადმყოფოს მაშიდელ თანამშრომელს, ვალიდა აბუსერიძეს ასახელებს:
20. 10. 82: მთელი კბილები ჩამიმტვრიეს. სახეზე არ შემეხედება, სულ ჩამოვხმი. როგორც არასდროს, ისე მინდა სიკვდილი.
ვალიდა აბუსერიძე: მე შენ გიჩვენებ, მოგხვდა თუ არა ცხვირ-პირში, გიტირეთ ყოფა, დედა-შვილი გველებივით რომ დაძრწოდით თბილისში, ეყარენით და ამოლპით, კაციშვილი ვვერ გაიგებს თქვენს გზებს, აქ ამოლპებით..."
20 წლის წინ, როცა ნაზი შამანაურის ტრაგიკულ ისტორიას პირველად გავეცანი, ვალიდა აბუსერიძესაც შეხვდი, რომელიც ფსიქიატრიული საავადმყოფოს ქალთა პირველი განყოფილების დიასახლისად მუშაობდა, თუმცა ქალბატონმა ვალიდამ ყველაფერი უარყო, ნაზისთან კარგი ურთიერთობა მქონდა, თუ რამე უნდოდა, მარტო მე მეუბნებოდა და გამიკვირდა, დღიურებში ჩემზე ცუდი რატომ დაწერაო...
რამდენიმე ამონარიდი ნაზი შამანაურის დღიურიდან:
31.12.82 წ. ...ვალიდა აბუსერიძის ჯოჯოხეთური ყვირილი, ღრიალი, წიხლები. ექიმებმაც იციან მისი დესპოტური ხასიათი, მაგრამ ითმენენ... აბა, დააკვირდით, გესტაპოს ტყვეებივით აცვიათ აქ მყოფ ავადმყოფებს... 7 დეკემბერს შემოვლაზე ავლიპ ზურაბაშვილმა პროფესორებს განუცხადა ჩვენი, დედა-შვილის განთავისუფლება, მაგრამ როგორც ზინაიდა არტემოვნამ განგვიცხადა, ეს ისე თქვა აკადემიკოსმა. ასეთია ზევიდან ბრძანება. თქვენ სოციალურად საშიშ პიროვნებად ხართ მიჩნეულნი და თქვენ არავინ გაგანთვაისუფლებთ, თქვენისთანები აქ წლობით არიანო.
01.01.83 წ. ახალი წელი გათენდა საგიჟეთში. ყველა დაღონებულია. ყვირილი, ჩხუბი. ნუნუ გოგინაშვილი მეუბნება, საპატიმროში ვართ, არა, ნაზი? რა მეთქმის...
05. 01. 83 წ. კვლევითი ინსტიტუტი კი არა, ტიპური საწამებელი კონცლაგერია, სადაც ავადმყოფ ადამიანზე, როგორც საცოდავ კურდღელზე ცდებს ატარებენ. ჯერ ხომ სანამ სისხლს გამოსწოვენ, თითოეულს წაქცევამდე ვენიდან რამდენჯერმე უღებენ სისხლს. მერე ამ სისხლს მამასისხლად ყიდიან. ამიტომაა თითოეული ავადმყოფი ჩონჩხადქცეული მოარული არსება. ყიდიან არა მარტო სისხლს, ყიდიან ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, პერანგებს, ნიფხავს, წამალს თუ ზეწარს... ავადმყოფები კი გესტაპოს ტყვეებივით, ფეხშიშველა, დახეულ პერანგებში ფეხშიშველა დაბორიალობენ...
დღიურში, რომლის ავთენტურობაც დღემდე არაა დადასტურებული, ბოლო ჩანაწერი 1983 წლის 11 იანვრით თარიღდება. ამ ჩანაწერიდან ნათლად ჩანს, რომ ნაზი შამანაურს სასიკვდილო არაფერი სჭირდა:
- კატო ექიმი მოვიდა ჩემთან: - როგორ ხარ ნაზი?
- აბა, როგორ ვიქნები ქალბატონო? ამნისტიაც გვეხება და არ გვიშვებენ.
მზია ექიმი: ნაზი, გვემდური ჩვენ?.. ჩვენ არაფერ შუაში ვართ!
მინდოდა მეთქვა: ყველა შუაში ხართ, ადამიანის ბედი როცა წყდება...
1983 წლის 12 იანვარს თბილისის მეცხრე საავადმყოფოში ნაზი შამანაური უგრძნობ მდგომარეობაში მიჰყავთ. რამდენიმე დღეში კი, გონზე მოუსვლელად გარდაიცვლება...
უსამართლობასთან ბრძოლამ და ჩინოსანთა ცინიზმმა ნაზი შამანაურს ფსიქიკა შეიძლება, მართლაც შეურყია.
მართალია, წითელი ტერორი 25 წელია, წარსულს ჩაბარდა, მაგრამ არასასურველ ჟურნალისტებსა თუ მედიასაშუალებებს დღესაც მკაცრად უსწორდებიან, რასაც, „რუსთავი 2“-ის საქმეზე რომ აღარაფერი ვთქვათ, გიორგი სანაიას მკვლელობაც მოწმობს, თუმცა სანაიას საქმე უფრო ვრცელი თემაა, რომელზეც ჯობია, სხვა დროს ვისაუბროთ...
ყველაფერი ეს კი ნათელყოფს, რომ პოლიტიკური ფორმაციების ცვლილების მიუხედავად, მედიის წინააღმდეგ ბრძოლის ფორმები და მეთოდები არათუ დავიწყებას ეძლევა, პირიქით, სამწუხაროდ, იხვეწება. არადა, წეღანდელი თქმისა არ იყოს, მედიასთან ბრძოლა ცუდად მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფებისთვის კი არ მთავრდება, არამედ, ყველაფერი ეს ქვეყნის საერთაშორისო იმჯს „ურტყამს“, რაც სახელმწიფოს იგივე ეკონომიკურ განვითარებასაც ავტომატურად უკან წევს!
ვანო პავლიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






