კვალიფიციური სუბიექტების შეხვედრაზე ის ტექნოლოგიები გასაჯაროვდება, რომლის დახმარებითაც, მათი მტკიცებით, ხელისუფლებამ არჩევნების გაყალბება შეძლო.
„საუბარია იმ ტექნოლოგიებზე, რომელიც გამოიყენა ხელისუფლებამ გაყალბების კონტექსტში. საუბარია, როგორ ყალბდებოდა არჩევნები არჩევნებამდე, არჩევნების დღეს და დღის ბოლოს, როდესაც მიმდინარეობდა ხმის დათვლა. ეს არჩევნები იყო უკან გადადგმული ნაბიჯი ბოლო სამი-ოთხი არჩევნების ფონზე,“ - აცხადებს დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს წევრი გიორგი ახვლედიანი.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მთელი საკანონმდებლო ორგანო ბიძინა ივანიშვილის ხელშია და არჩევნებმა ხალხის ნება დამახინჯებულად წარმოადგინა.
„2016 წლის არჩევნები საქართველოში უნდა შეფასდეს, როგორც არათავისუფალი და არასამართლიანი. არ არსებობს საქართველოში სოციალური ჯგუფი, სადაც ¾ მოსახლეობის მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს. შესაბამისად, ამ პარლამენტში გამოხატული ნება არ შეესაბამება ქართველი ხალხის ლეგიტიმურ ნებას,“ - განაცხადა თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარემ კახა კუკავამ.
შეხვედრაში აქტიურად არის ჩართული "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი თამარ კეკენაძე.
"კვალიფიციურ სუბიექტებს პირველი საჯარო შეხვედრა გვექნება კვალიფიციურ სუბიექტებს, არასაპარლამენტო პარტიებს, სადაც განვიხილავთ თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ზოგადად როგორ უნდა გავაუმჯობესოთ ყველამ ერთად საარჩევნო გარემო შემდგომი არჩევნებისთვის"- აღნიშნა "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კეკენაძემ.
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის მიერ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების თაობაზე მომზადებულ ცვლილებებს ხელს წინა მოწვევის პარლამენტიდან ქართული ოცნების 81 წევრი აწერს.
მასალის გამოყენების პირობები






