გიორგი ბარათაშვილის თქმით, მას წასვლა წლის დასაწყისში ჰქონდა დაგეგმილი, მიზეზად ბარათაშვილი საკუთარ გეგმებს ასახელებს და აღნიშნავს, რომ ტელევიზიას ახალი სისხლი და ახალი ძალა სჭირდება:
„ტელევიზიას ახალი სისხლი სჭირდება. პრაქტიკულად დანგრეული ტელევიზია ფეხზე დავაყენეთ, ჩემი აზრით კარგი დროა, რომ წავიდე“- განაცხადა ბარათაშვილმა. მისი განცხადებით, მისი სამომავლო გეგმები პოლიტიკასთან დაკავშირებული არაა.
მედიაში იმ ადაიანების ვინაობებიც სახელდება, რომლებმაც შესაძლოა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ასარჩევ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. მათ შორის არიან კოკა ყანდიაშვილი, ვასილ მაღლაფერიძე, გოგა ხაინდრავა, ნინო ზაუტაშვილი, კობა ბექაური და ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე.
კონკურსში შესაძლო მონაწილეობას არ გამორიცხავს კოკა ყანდიაშვილი. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე მას დასჭირდება გაიგოს, რა მოთხოვნები აქვს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მომავალ დირექტორთან:
„მე არ მაქვს მიღებული გადაწყვეტილება მივიღებ თუ არა მონაწილეობას კონკურსში, როდესაც კონკურსი გამოცხადდება გავაკეთებ განცხადებას. სანამ გადაწყვეტილებას მივიღებ, მაქვს სურვილი გავიგო ბორდს რა უნდა ახალი დირექტორისაგან.“- განაცხადა კოკა ყანდიაშვილმა.
კონკურსში მონაწილეობას ადასტურებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილიც, გავრცელებული ინფორმაციით ნინო ზაუტაშვილის კანდიდატურა საზმაუს თანამშრომლების მხარდაჭერითაც სარგებლობს:
„პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო გიორგი ბარათაშვილს, იმისთვის რაც მან გაიარა ამ მძიმე პერიოდში. მე ვადასტურებ, რომ მივიღებ მონაწილეობას კონკურსში. წარმატებას ვუსურვებ ყველას, პირველ რიგში კი ჩემს თავს. მე ზუსტად ვიცი როგორი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამას ნახავთ ყველა“- განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






