საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი მოსკოვში გუშინ ჩავიდა, ილია მეორე მონაწილეობას მიიღებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
მაღალი რანგის სტუმარს ვნუკოვოს აეროპორტში კრუტიცკისა და კოლომენსკის მიტროპოლიტი იუბენალი, იაკუტიისა და ლენსკის არქიეპისკოპოსი რომანოზი, მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის ურთიერთობების განყოფილების მდივანი დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და სხვები დახვდნენ. ასევე მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი მირიანი (შენგელია).
უწმინდესთან ერთად მოსკოვში იმყოფებიან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და სამთავისის მიტროპოლიტი ანდრია, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, მონაზონი ალექსანდრა იასიბაში.
ილია მეორე რუსეთის პატრიარქს 19 ნოემბერს შეხვდება, 20 ნოემბერს კი მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა შესრულდება, რომელშიც სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები და მათი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. წირვის შემდეგ რუსეთის პატრიარქი საზეიმო მიღებას გამართავს, რომელიც მისი დაბადების 70 წლის იუბილეს ეძღვნება.
გიორგობას, 23 ნოემბერს, მოსკოვის ქართულ ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის. საღამოს კი პატრიარქი ქართულ დიასპორას შეხვდება. ვიზიტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე, უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






