საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტს სიტყვით მიმართა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ირაკლი კობახიძემ. შესავალ სიტყვაში მან მადლობა გადაუხადა ქართველ ამომრცეველს იმ ნდობისთვის, რაც მათ არჩევნების შედეგების მიხედვით გამოამჟღავნეს. მისი თქმით ხალხის ნდობით აღჭურვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტი მუშაობას იწყებს.
კობახიძის განცხადებით, პარლამენტმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა გააგრძელოს პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად.
„გილოცავთ პარლამენტის თითოეულ ახლადარჩეულ წევრს ხალხის ნდობის მოპოვებას და ვისურვებდი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა შევძლოთ ამ ნდობის გამართლება და პარლამენტის წევრის საპატიო სახელის ღირსეულად ტარება.
მინდა მადლობა გადავუხადო საპარლამენტო უმრავლესობას გამოცხადებული ნდობისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ჩემი დასახელებისთვის.
პარლამენტს, როგორც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების განმსაზღვრელ ორგანოს, ქვეყნის წინსვლისა და შემდგომი განვითარების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი მისია აკისრია.
პარლამენტმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში უნდა გააგრძელოს პოლიტიკური და სამართლებრივი საფუძვლების შექმნა ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად. პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ამოცანების თანმიმდევრული განხორციელება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხალხმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა ნდობა ქვეყნის დასავლურ საგარეო-პოლიტიკურ კურსს და საქართველოს სწრაფვას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. ჩვენ ქმედითი და თანმიმდევრული ნაბიჯებით ვალდებული ვართ ხორცი შევასხათ ქართველი ხალხის ამ არჩევანს და მისწრაფებებს. ამისათვის, უნდა გაღრმავდეს პარტნიორობა ევროკავშირთან, ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სხვა დასავლელ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებთანაც ჩვენ საერთო ღირებულებები და ინტერესები გვაკავშირებს.
ამასთან, პრაგმატული საგარეო პოლიტიკის განხორციელებით ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა, უნდა გაღრმავდეს პარტნიორობა რეგიონის ქვეყნებთან, განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებას. ყველა ამ ამოცანის შესრულებაში საქართველოს პარლამენტს განსაკუთრებული როლი ეკისრება.
საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის „წითელი ხაზების“ უმკაცრესი დაცვა. ქვეყნის დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა დარჩება ამოცანებად, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაექვემდებაროს რაიმე ტიპის კომპრომისს ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






