ისტორია/გეოგრაფიის მასწავლებელი ირწმუნება, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ მან ტვინის შერყევა მიიღო და სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
მისი თქმით, დირექტორის უკანონო საქმიანობის შესახებ პროკურატურას ჯერ კიდევ 2008 წელს მიმართა, თუმცა მისივე განმარტებით, თურქიას რაიონის გამგებელი და რესურსცენტრის ხელმძღვანელობა მფარველობს.
გუშინ მომხდარ ფაქტზე კი შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125 -ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.
პოლიციამ ინციდენტში მონაწილე პირები გუშინვე გამოკითხა.
"გუშინ დილით, დაახლოებით 11:00 საათზე, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მადონა თურქიამ ფიზიკური შეურაცხყოფა მომაყენა. ხელი მკრა და კედელს მიმანაცხა, რის შედეგადცად ტვინის შერყევა მივიღე, გონებაც კი დავკარგე. პოლიციაც მალევე მოვიდა, დღის მეორე ნახევარში რაიონულ კლინიკას მივმართე, სადაც წოლითი რეჟიმი დამინიშნეს და მითხრეს, რომ თავის ტვინის შერყევა მქონდა.
ჩვენს შორის დაპირისპირება წლებია არსებობს. მადონა თურქია, მას შემდეგ დამიპირისპირდა, რაც ატესტატების გაყალბებაში ვამხილე. ამასთან თურქიამ ჩემი ხელმოწერაც გააყალბა, და სამი წლის განმავლობაში ჩემს ნაცვლად სხვას აწერინებდა შრომით ხელშეკრულებებზე ხელს, რომელიც დირექციასა და მასწავლებელს შორის ყოველ წელიწადს იდება. მას არ უნდოდა შრომით ხელშეკრულებაში ის პირობები გამეპროტესტებინა რაც სკოლაში არსებობს, მაგალითად საათების არასათანადოდ განაწილება და ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა. მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ ჩემ ხელმოწერას აყალბებდა ბუნებრივია მე შესაბამის ორგანოებს მივმართე და სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრა"- აღნიშნავს სკოლის პედდაგოგი.
უშუალოდ ყალიბი ატესტატების დამზადებას რაც შეეხება, დარსევან ჩემია ირწმუნება, რომ 2008 წელს პირადად მიმართა პროკურატურას თუმცა გამოძიება შედეგის გარეშე დასრულდა.
"მეუბნებიან ხანდაზმულია საქმეო, ამას რა მნიშვნელობა აქვს, ეს ქალბატონი დანაშაულში ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს იყო შემჩნეული. მადონა თურქია პროფესიონალი თაღლითია. მხოლოდ ჩემი ხელმოწერის გაყალბების გამო არ ჰქონდა მას მორალური უფლება თანამდებობაზე დარჩენილიყო"- განმარტა ჩემიამ.
მასწავლებლის თქმით, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ვინ მფარველობს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს.
"მე დარწმუნებული ვარ რომ თურქის რესურსცენტრის ხელმძღვანელი და რაიონის გამგებელი მფარველობს. პირადად მე მათ რამდენჯერმე მივმართე, წარვუდგინე დოკუმენტაცია, ყალბი ატესტატის ასლი თუმცა არავითარი რეაგირება არ მოახდინა. იგივე საბუთები გენერალურ აუდიტს, განათლების სამინისტროსა და პროკურატურას გადავუგზავნე, დოკუმენტებს სამხარეულის ექსპერტიზის პასუხი და მასწავლებლის აღიარებითი ჩვენება დავურთე, თუმცა რატომღაც პროკურატურა არაფერს აკეთებს. ატესტატის გაყალბებას რაც შეეხება, მე ხელთ მაქვს ასლები, რაზეც გამოძიებამ მითხრა, რომ მხოლოდ ასლის საფუძველზე ექსპერტიზას ვერ დავნიშნავთო"- აღნიშნა პედაგოგმა.
დარსევან ჩემია ეჭვობს, რომ დირექტორის ქმედებას (და მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლების სურვილს) მოტივად მისი პოლიტიკური აქტივობა უძღვის.
"ყველაფერს აკეთებენ, რომ სკოლიდან გამიშვან, ერთი კვირის წინ რაღაც ისტორია შეთხზეს, და საყვედური გამომიცხადეს. მე "ნაციონალური მოძრაობის" კორდინატორი ვიყავი, სოფელში ორივე არჩევნები მოვიგეთ. ასე პირდაპირ ამ მიზეზსს არ ასახელებენ, მაგრამ ფაქტია, რომ თურქიას მაღალჩინოსნები მფარველობენ"- უთხრა "ნიუპოსტს" ჩემიამ.
"ნიუპოსტის" ინფორმაციით, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი აუდიტის სამსახურში დაიბარეს.
მადონა თურქიას ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მასწავლებლის წინააღმდეგ ცილისწამებისთვის სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
გეჯეთის სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ფიზიკურ დაპირისპირებასაც უარყოფს.
"მე არ ვარ ასეთი პიროვნება... ბავშვისთვის არასოდეს არ მიხლია ხელი. ეს ინფორმაცია არაფერთან ახლოს არ არის. ძალიან გთხოვთ ჩემი ინფორმაციაც მიიღოთ. ხვალიდან სასამართლოში შემაქვს სარჩელი. არც ატესტატები გამიყალბებია, ქსეროასლი რაღაცა შეთითხნეს და ამით უნდოდათ რაღაც თემის გაკეთება. ნადირაშვილს გამოაცხადებინეს, მთელი რაიონი ფეხზე დადგა, ყველა მიცნობს, ჩემი პიროვნება ყველამ იცის. ირმა ნადირასვილსაც მიაწვდინეს ხმა რომ ტყუილი იყო ეს ინფორმაცია. სასამართლოში წავალ და შედეგებსაც გაგაგებინებთ"- აცხადებს სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






