2017 წლის 20 იანვარს ტრამპის ინაუგურაცია არის დაგეგმილი, მომდევნო ორი თვის განმავლობაში კი რესპუბლიკელები დღის წესრიგისა და გეგმების გაწერით იქნებიან დაკავებულები. აშშ-ს მედია უკვე ალაპარაკდა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად გენერალ ფლინის დანიშვნის შესახებ, მედია ამ ინფორმაციას სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულის შესახებ „ნიუ იორკ თაიმსიც“ წერს.
„ახლა ამერიკა არის უფრო დაუცველი, ვიდრე მანამდე, სანამ დაიწყებდა ტერორიზმთან ბრძოლას“ - გენერალი მაიკლ ფლინი იბრძოდა ერაყსა და ავღანეთში, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ იგი 2012 წელს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსად დანიშნა. გენერალი ფლინი გამოირჩევა საკუთარი მკაფიო პოზიციით ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში, სწორედ მისი შეხედულებების გამო, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ობამას ადმინისტრაცია არ დგამდა შესაბამის ნაბიჯებს ტერორიზმთან ბრძოლის თვალსაზრისით, მაიკლ ფლინმა 2013 წელს თანამდებობა დატოვა. ფლინი „დემოკრატიული პარტიის“ წარმომადგენელი გახლდათ, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობის გამო იგი „რესპუბლიკურ პარტიას“ შეუერთდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ამერიკის სამხედრო დაზვერვის სამსახურთან. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი გენერალ ფლინთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, შეიქმნა მრავალი პროექტი თავდაცვის საკითხების კუთხით, ფლინი გამოირჩეოდა განსაკუთრებული ინტერესით კავკასიის უსაფრთხოების თვალსაზრისით. როგორც შაშკინმა „ნიუპოსტთან“ საუბრისას აღნიშნა, მას შემდეგ რაც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად ირაკლი ალასანია დაინიშნა, ყოველგვარი მოლაპარაკებები და პროექტები ჩაიძირა და მათი განხორციელება არ მოხერხდა.
„ეს არის ძალიან მაღალი თანამდებობა და საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინ დაიკავებს ამ პოზიციას. ასევე მნიშვნელოვანია მთელი მსოფლიოსთვის.
პრეზიდენტის მრჩეველი უშიშროების საკითხებში ახორციელებს კოორდინაციას, სახელმწიფო დეპარტამენტს, თავდაცვის დეპარტამენტსა და საგანგებო სამსახურებს შორის. ის ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს პრეზიდენტთან და არის მისი მარჯვენა ხელი ყველა საკითხში რომელიც ეხება უსაფრთხოებას.
მაიკლ ფლინი არის ვარსკვლავი, ეს არის მებრძოლი გენერალი, რომელიც იბრძოდა ერაყსა და ავღანეთში. ის 2012 წელს დაინიშნა ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის დეპარტამენტის უფროსად. ეს არის ძალიან გავლენიანი ორგანიზაცია, რომელიც საკუთარი გავლენით არ ჩამორჩება CIA-ს.
გენერალი ფლინი სარგებლობდა და სარგებლობს ძალიან დიდი ავტორიტეტით შეიარაღებულ ძალებში, მისი დანიშვნა ობამას ადმინისტრაციის მხრიდან იყო მკვეთრი ჟესტი შეიარაღებული ძალების მხრიდან, იმ მხრივ, რომ ისინი აფასებენ სერიოზულ როლს შეიარაღებული ძალებისას, რომელსაც ისინი თამაშობენ ავღანეთში და ერაყში. მიუხედავად იმისა, რომ გენერალი ფლინი რეგისტრირებული არის როგორც დემოკრატი, მან დატოვა ობამას ადმინისტრაცია, მოუვიდა უთანხმოება, ერთი წლით ადრე ვიდრე დაგეგმილი იყო, მან დატოვა დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობა.
მე მქონდა გენერალ ფლინთან ურთიერთობა. ის ძალიან სერიოზული გენერალია და მისგან გამოვიდა სერიოზული პოლიტიკოსი. ეს არის ადამიანი, რომელიც ფლობს სერიოზულ ინფორმაციას და ეს არის ადამიანი, რომელიც გამოირჩევა ამერიკულ პოლიტიკურ და სამხედრო ელიტაში, საკუთარი ხედვით ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებში. მიზეზი იმისა თუ რატომაც დატოვა 2013 წელს დაზვერვის სამსახურის უფროსის პოსტი გახლდათ პრეზიდენტთან უთანხმოება ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით, ის არ თვლიდა, რომ ამერიკა აკეთებს საკმარისს იმისათვის, რომ ებრძოლოს ტერორიზმს, ის არ თვლიდა, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია საკმარისად მკაცრ და მკვეთრ ნაბიჯებს დგამს ამ კუთხით. ამ თანამდებობის დატოვების მიზეზიც და მოგვიანებით პოლიტიკაში წასვლის მიზეზიც გახდა ის, რომ გენერალი ფლინი გამოირჩევა თავისი ძალიან მკვეთრი პოზიციით ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით. როგორც თავდაცვის მინისტრი მე ვმუშაობდი ამ ადამიანთან ერთად და ის იყო დაინტერესებული კავკასიის უსაფრთხოების საკითხებით, ჩვენ გვქონდა მიღწეული ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებები 2012 წლის სექტემბერში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო დაზვერვის სამსახურთან, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა ინფორმაციის გაცვლის კუთხით. ჩვენ დავიწყეთ სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვან პროექტებზე შეთანხმება და განხორციელება, სამწუხაროდ ახალმა მთავრობამ და ალასანიამ ეს ყველაფერი მიწასთან გაასწორეს და არანირი წინსვლა არ ყოფილა“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
მისივე თქმით მნიშვნელოვანია საქართველოს მთავრობამ დაამყაროს შესაბამისი კონტაქტები გენერალი ფლინის მსგავს ადამაინებთან თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციაში. შაშკინი მიიჩნევს, რომ უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში საქართველო აშშ-სა და ევროპის რადარებიდან გამქრალია, მომავალი ორი თვე კი განსაკუთრებით ხელსაყრელია იმისათვის, რომ საქართველომ შეერთებულ შტატებს თავი შეახსენოს და მის სამომავლო გეგმებში მოხვდეს. თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ახლა არ განხორციელდა შესაბამისი საქმიანობა, სამომავლოდ აშშ-ს რადარებზე კვლავ გამოჩენა გართულდება:
„რატომ არის მნიშვნელოვანი ამ ადამიანის დანიშვნა? ეს იქნება და არის ძალიან მკაფიო, მკვეთრი სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ტერორიზმთან ბრძოლა, გენერალ ფლინის დანიშვნით ტრამპი აძლევს სიგნალს, რომ ის პრეზიდენტ ობამასგან განსხვავებით, არ მოერიდება გადაწყვეტილებების მიღებას, არ გაწელავს გადაწყვეტილებების მიღებას და იქნება ძალიან მკაცრი და მკაფიო ამ გადაწყვეტილებების მიღების დროს. გენერალი ფლინი თანამდებობის დატოვების შემდეგაც ხაზს უსვამდა იმ იდეას, რომ ბევრად მეტი არის გასაკეთებელი ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით.
გენერალი ფლინი არ არის თეორეტიკოსი ადამიანი, ეს არის ადამიანი, რომელიც თავისი სამსახურებრივი პოზიციიდან გამომდინარე ფლობს ძალიან ბევრ ინფორმაციას, ის არის ნაომარი გენერალი, ის კარგად ფლობს სიტუაციას ამ ცხელ წერტილებში და სწორედ ეს წარმოადგენს მისთვის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს. ის ყოველთვის იყო ძალიან დაინტერესებული საქართველოსთან თანამშრომლობით და ძალიან აფასებდა იმ როლს, რომელსაც საქართველო ახორციელებდა ერაყში და ახორციელებს ავღანეთში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მთავრობამ ეს ყველაფერი გაიაზროს. მე ადრეც აღვნიშნე, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციაში მოდის ახალი ხალხი, რომელთანაც კონტაქტები ჩვენც მთავრობას არ გააჩნია. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძირითად აქცენტს საქართველოს მთავრობა დემოკრატების ადმინისტრაციაზე აკეთებდა. მათ რატომღაც ჩათვალეს, რომ ამერიკაში რესპუბლიკელების მატარებელი წასულია. ახლა მოდის ახალი ხალხი, მაგალითად გენერალი ფლინი, რომელსაც აქვს ძალიან მკაფიო გეგმა და მკვეთრი აჯენდა, უკვე ნათელია მისი პრიორიტეტები. მნიშვნელოვანია რომ ჩვენმა მთავრობამ დაიწყოს მუშაობა ასეთ ხალხთან. ეს ხალხი 20 იანვრამდე ჩამოაყალიბებს თავის დღის წესრიგს, თუ საქართველო ამ წესრიგში ახლა არ ჩავჯექით, მერე მატარებლის დაბრუნება ძალიან რთული იქნება. ისედაც ბოლო ოთხი წელია აშშ-ისა და ევროპის რადარებიდან გამქრალები ვართ“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
მასალის გამოყენების პირობები






