დღეს კი მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გაავრცელა. სადაც საუბარია პრობლემის გამომწვევ სამ პუნქტსა და ამ პუნქტების გაბათილებისთვის საჭირო ორ ქმედებაზე. მთავრობა ლარის კურსის გაუფასურებას აბრალებს:
1. მეზობელ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ადგილობრივი ვალუტების მნიშვნელოვანი დევალვაციით.
2. ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტიდან გამომდინარე გაზრდილი სავალუტო გადინებებით, რომელიც საექსპორტო ბაზრებზე ფასების კლების გამო ვერ დაბალანსდა ექსპორტით.
3. ლარის კურსთან მიმართებაში ნეგატიური მოლოდინების შექმნით, რასაც სამწუხაროდ ხელს უწყობს სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან თემით სპეკულაციის მცდელობა.
ხოლო პრობლემის მოგვარების მეთოდად მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი აქცენტის გადატანას ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაში ხედავს. ასევე აღნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში, გაცხადდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა ღონისძიებებს შორის, გულისხმობს საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით.
მთავრობის განცხადების შესაფასებლად „ნიუპოსტი“ ეკონომიკის ექსპერტებს დაუკავშირდა. დავით წიქარიძის განცხადებით, მთავრობა მხოლოდ დაპირებას იძლევა და რამდენად შეძლებს ამ დაპირების შესრულებას ეს უცნობია. მისივე თქმით, ბიუჯეტის დამტკიცებამდე უნდა მოხდეს ხარჯების შემცირება, რაც ლარის გაუფასურებაზე დადებით გავლენას მოახდენს:
„პირველ რიგში მთავრობას განმარტება არ მოუცია, თავად ამბობს, რომ ცოტა ხანში მოგცემთ განმარტებასო, ბუნდოვანი დაპირებებია, ასეთი დაპირებები მრავალჯერ მოგვისმენია. იმ დონეზე არის მთავრობა, რომ ამბობს „დედას ვფიცავარ გავაკეთებო“, თუ გააკეთებს ძალიან კარგი იქნება. ორი გადაუდებელი საკითხი არის მისახედი, სანამ ჯერ არ ჩამოყალიბებულა ბიუჯეტი, უნდა მოხდეს ხარჯების რადიკალური შემცირება, უაზრო შპს-ები რომ არის შექმნილი, ბევრი ფული იფლანგება ტყუილად. უნდა გაანახევრონ ეს ხარჯები, ეს იქნება ის გზავნილი, რომ მთავრობას სურს რაღაცის გამოსწორება, ძალიან მარტივია ამის გაკეთება და მიკვირს რატომ არ იქცევიან ასე. ყველა ბერკეტი ხელთ აქვთ, პარლამენტი, მთავრობა, ხალხის აზრი მომწიფებულია, არავინ იკითხავს რატომ მიდის შემცირებები?! ყველასთვის მისაღებია.
ასევე აუცილებელია სერიოზულად დასხდნენ და გრძელვადიანი პროგრამა შეადგინონ საქართველოს ეკონომიკის გაჯანსაღების თავლსაზრისით. სერიოზული ჯგუფი უნდა შეიქმნას, უნდა დაფიქსირდეს ის მომენტი, რომ გვაქვს პრობლემები და გასატარებელია საგანგებო ზომები. არსებობს გრძელვადიანი და მოკლევადიანი პერსპექტივები.
საქართველოს ეკონომიკა რა დღეშიც არის, იმის ასახვა არის ლარის მდგომარეობა. რა თქმა უნდა, მასზე საგარეო ფაქტორიც მოქმედებს, რყევები ყოველთვის არის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დანარჩენი ყველაფერი კარგად არის. ლარი რომ გაჯანსაღდეს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა უნდა დაფიქსირდეს“, - განაცხადა დავით წიქარიძემ.
ექსპერტი გია ჯანდიერი კი მიიჩნევს, რომ მოკლევადიან პერიოდში ლარის მდგომარეობის განკურნება შეუძლებელია. „ნიუპოსტთან“ საუბრისას ჯანდიერი აღნიშნავს, რომ არსებული სიტუაციიდან ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი იქნება ის, თუ ლარი მიებმება დოლარს ან ევროს, ან საერთოდ გაუქმდება და ეროვნულ ვალუტად ევრო შემოვა:
„ლარის მდგომარეობის მოკლევადიან პერსპექტივაში განკურნება ფაქტობრივად შეუძლებელია, რაც არ უნდა სცადონ ალბათ უარეს რაიმეს გამოიწვევს. გრძელვადიან პერსპექტივას რაც შეეხება, სახეზეა ორი ვარიანტი, ერთი არის მონეტარული და მეორეა ფისკალური დისციპლინა, რომელიც უნდა შექმნან. მონეტარული დისციპლინის შექმნა რთულია, რადგან მას ბევრი პოლიტიკური კუდები აქვს, ამიტომ ყველაზე მარტივია ის, რომ ლარი მივაბათ დოლარს ან ევროს, ან გავაუქმოთ და შემოვიღოთ ევრო. ამ შემთხვევაში მთავრდება ყოველგვარი პრობლემა, ეს პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს ფისკალურ დისციპლინაზე, რადგან თუ ფული არ გაქვს, ვალებსაც ვერ აიღებ და შენ ხელში არც საბეჭდი მანქანა არ არის. ეს ყოველივე დიდიხანია იციან, პრემიერ-მინისტრმა ბევრზე უკეთ იცის რისი გაკეთებაა შესაძლებელი, მაგრამ გააკეთებენ თუ არა ეს სხვა საკითხია. რაც შეეხება მთავრობის განცხადებაში მოყვანილ სამომავლო ბერკეტებს, არავითარი აზრი არ აქვს, რადგან შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ინფრასტრუქტურაში თუ არ დაიხარჯება ეს თანხა, წავა ბაზარში და ბაზრიდან სხვაგან, ეკონომიკური ზრდისთვის ეს არარეალურია. თუ ერთ რაიმეში დაიხარჯება ფული, მეორისკენ წავა იგი, ეს არის ეკონომიკის აყვავების გზა. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გათვლა გრძელვადიან პერსპექტივაში არ არის კარგი, თუ უცხოეთიდან შემოვიტანეთ თითქმის ყველაფერი, ეს ნიშნავს იმას, რომ დოლარები უნდა გავიდეს და ლარზე მოთხოვნა შემცირდეს, წარმოუდგენელია ასეთი გეგმის ეფექტიანობა“, - აღნიშნავს გია ჯანდიერმა.
პაატა შეშელიძე კი აღნიშნავს, რომ მთავრობის განცხადებაში დასახელებული პრობლემის გამომწვევი სამი მუხლი არის მცდარი. ისევე როგორც ჯანდიერი, შეშელიძეც ლარიზაციის პროცესს ემხრობა და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში 70% არის დოლარი, 30 % კი ლარი, 100% დოლარის არსებობა არავითარ პრობლემას აღარ შექმნის:
„სამი მუხლი რომელიც არის დასახელებული, ჩემი აზრით უბრალოდ მცდარია. პირველი მუხლი ეხება დევალვაციას, რომელიც სამი წლის წინ მოხდა, ყველამ გადააწყო საკუთარი ეკონომიკა და საქართველომ ვერ შეძლო და ახლა ჩივის? ეს არის პირველი პრობლემა, თუ დევალვაციას განვიხილავთ როგორც პრობლემას. მეორე პუნქტში არის ლაპარაკი იმაზე, რომ ექსპორტ-იმპორტის პრობლემა გვაქვს, აქაც ხარვეზია, თუ უახლოესი ხანების ინფორმაციას გავეცნობით, აღმოვაჩენთ, რომ რა თქმა უნდა ექსპორტი მუდმივად განიცდის რყევას, წინა თვესთან შედარებით ნაკლებია, ამავე დრომ იმპორტის შემთხვევაშიც ასეა, მიმდინარე პროცესებთან კავშირში, იმის თქმა, რომ იმპორტის დიდი ზრდა იყო და ამან გამოიწვია ყველაფერი, სტატისტიკურად არასწორია. მესამე პუნქტზე კი გამეცინა, გამოდის, რომ ექსპერტს უფრო დიდი ძალა მაქვს და დიდ მოლოდინებს ვქმნი, ვიდრე მთავრობა თავისი აპარატით და ბიუჯეტით? მაშინ უნდა ადგნენ და წავიდნენ, მათ თუ არ შეუძლიათ ჩემი განცხადების, რომლის უკანაც არაფერი დგას, პრაქტიკული საქმით და იმის დასაბუთება, რომ ვინმე სისულელეს ამბობს, მაშინ ხელფასს რაში ირებენ? ეს არის ნონსენსი, ვიღაც მოლოდინს ქმნის და მთავრობა პირდაღებული უყურებს. შესაძლოა ყველაფერში იყოს სპეკულაციის ელემენტი, მაგრამ ეს მაშინვე სრულდება, თუ არ არის რეალური. რაც შეეხება გამოსავლებს, ინფრასტრუქტურას ბიუჯეტით ვერ განავითარებ და ბიუჯეტური ხარჯები არ ნიშნავს ეკონომიკის განვითარებას, ბიუჯეტური ხარჯი ნიშნავს უკვე გაკეთებულის შეჭმას. მხოლოდ ამაზე აქცენტირება არის აბსურდი, ეკონომიკას ახლა სჭირდება ეკონომია, რადგან კომუნისტური ეკონომიკა აქვთ. რაც შეეხება ლარიზაციას, ამის ერთადერთი გზა არის ის, რომ ლარი მიებას ამერიკულ დოლარს, რათა ამერიკული დოლარი შიდა გამოყენებაში საჭირო აღარ გახდეს. ამერიკულ დოლარს იმიტომ ვიყენებთ, რომ არ ვენდობით ლარს. ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ამის გაცვლითი კურსი, ეს არის ერთადერთი გზა, დანარჩენი გზები არის ადამიანების ჯიბეებში ფათური. თუ აკვიატებული იდეა აქვთ ლარიზაციის, ეს ასე უნდა გააკეთონ, ჩემი აზრით ლარი საერთოდ არ არის საჭირო, 70 % არის დოლარიზებული და 100 % რომ იყოს იქნება ძალიან კარგად, არავინ არ იწუწუნებს, გამოიმუშავებ დოლარს, გექნება, არ გამოიმუშავებ და არ გექნება“, - განაცხადა პაატა შეშელიძემ.
საყურადღებოა, რომ "ქართული ოცნების" წევრი აკაკი ზოიძე, ლარის კურსთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ლარის კურსის მხოლოდ მოკლევადიანი რხევები შეინიშნება. ლარში აღებული სესხები და დეპოზიტები კი წახალისდება. საზოგადოება და ბანკების გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ პროცესში მთავრობის მხრიდან ხელოვნური ჩარევა კარგ შედეგს არ მოიტანს:
„საქართველოს მთავრობის გეგმას რაც ეხება, იქ საუბარია, რომ იმპორტი თითქოს გაიზარდა, მაგრამ რეალურად სავაჭრო ბალანსი არ გაუარესებულა და დაახლოებით 3%-იანი კლება იყო, თუ გამოვაკლებთ C ჰეპატიტის სამკურნალო საშუალებებს. დიდიად არც ჩვენი ექსპორტი გაზრდილა რა თქმა უნდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილება არ ყოფილა. რაც შეეხება ხელოვნურ ჩარევას დედოლარიზაციის პროცესში, ამას მე არ მივესალმები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან საკმაოდ მაღალია, როგორც დეპოზიტების, ასევე დოლარიზაციის პროცენტი. მოსახელეობის დიდი რაოდენობა სესხს იღებს უცხოურ ვალუტაში და ასევე დეპოზიტებს ათავსებს უცხოურ ვალუტაში, ეს დიდ პრობლემას ქმნის ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამიტომაც არის ვალუტის კურსის გაუფასურება ჩვენთვის ძალიან მტკივნეული. მე მაინც ვფიქრობ, რომ ხელოვნური ჩარევა ამ პროცესს არ სჭირდება. ჯერჯერობით უცნობია რა იქნება ის ნაბიჯები, რაზეც საუბრობს მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად. რეალურად, ვფიქრობ, რომ ხელოვნური რეგულაციები კარგ შედეგს არ მოიტანს, რადგან ამან შესაძლოა ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას შეუშალოს ხელი და სესხების გაცემის მიმართულებით წარმოიქმნას პრობლემა“, - აღნიშნა გიორგი კეპულაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






