საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტიების წარმომადგენლები დღეს ისევ შეიკრიბნენ და სამომავლო გეგმები დასახეს.
საუბარი შეეხო საკითხს, თუ რა ფორმით უნდა ჩატარდეს თვითმმართველობის არჩევნები. ოპოზიციური სპექტრის ნაწილი თვლის, რომ ეს არჩევნები რეგიონალურ-პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს, ნაწილი კი აცხადებს, რომ ვიდრე საარჩევნო სისტემაზე მსჯელობა დაიწყება, პარლამენტს გარეთ დარჩენილმა პარტიებმა ერთობლივი განცხადება უნდა შეიმუშავონ და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არალეგიტიმურად ცნონ.
"ქვეყანაში ორპარტიული კოჰაბიაციური, ავტორიტარიზმია დამყარებული. პირველი რაც ყველაზე მკაფიოდ უნდა უთხრათ როგორც შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ საზოგადოებას ეს არის ის რომ საქრთველოში არადემოკრატიული, არათავისუფალი არჩევნები ჩატარდა და პარლამენტის არჩეული შემადგენლობა ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს"- აღნიშნა "თავისუფალი საქართველოს" ლიდერმა კახა კუკავამ.
„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი თამარ კეკენაძე თვლის, რომ ოპოზიციასთან საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების მიზნით თანამშრომლობა აუცილებელია.
"თავისუფალი დემოკრატები ვრჩებით ჩვენს მოსაზრებაზე, რეგიონალურ-პროპორციულთან დაკავშირებით თუმცა ღია და გახსნილები ვართ, ოპოზიცისთან განვიხილოთ რომელი მოდელი იქნება საქართველოსთვის მისაღები. ასევე მნიშვნელოვანია რა გზით უნდა წავიდეთ იმისთვის რომ უფრო მეტად ამაღლდეს საზოგადოებაში განცდა, რატომ არის ამ სისტემის შეცვლა მნიშვნელოვანი და როგორ უნდა დავარწმუნოთ საერთაშორისო პარტნიორები და მეგობრები აღნიშნულ პროცესში აქტიურად ჩაერთონ"- აღნიშნა კეკენაძემ.
"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი კი ამბობს, რომ ოპოზიცია სერიოზულ პროცესს იწყებს.
"ეს პროცესი უკავშირდება ერთი: საარჩევნო სისტემის ცვლილებას და იმ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას, რომელიც პარლამენტში დევს, როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის მიერ მომზადებული. ამავდროულად ძალიან სერიოზულად დავიწყებთ მომზადებას, რომ ადგილობრივი არჩევნებისათვის საკანონმდებლო ბაზაში გარკვეული ცვლილებების განხორციელდეს. პრინციპი - რამდენ პროცენტსაც აიღებს პარტია, იმდენი პროცენტით შევიდეს პარლამენტში ადგილობრივ არჩევნებზევე იყოს უზრუნველყოფილი"- აღნიშნა ახვლედიანმა.
"ნიუპოსტი" "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთ ლიდერს გოჩა თევდორაძეს ესაუბა. მისი თქმით, ინაშვილის პარტია საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებისთვის საპარლამენტო ტრიბუნიდან იბრძოლებს,
"ცნობილია, რომ 15 ოპოზიციური პარტია იმისთვის შეიკრიბა რომ ხელისუფლებას დაპირების შესრულება და მაჟორიტარული სისტემის გაუქმება მოსთხოვოს, სხვათაშორის ამას თავის დროზე ის ადამიანები მოითხოვდნენ, რომლებიც დღეს ქართულ ოცნებაში არიან. არჩევნები დამთავრდა და პარტიები მომდევნო არჩევნებისთვის ემზადებიან. ჩვენი მიზანია აღდგეს ის ფორმატი, რომელიც საარჩევნო საკითხებზე მუშაობდა. როცა არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები მსჯელობენ თუ რა არის გასაკეთებელი საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად. პატრიოტთა ალიანსმა თქვა, რომ იქნება დამაკავშირებელი ხიდი პარლამენტსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. და ეს იქნება უპირველეს ყოვლისა საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება"- უთხრა "ნიუპოსტს" "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა გოჩა თევდორაძემ.
კითხვაზე, გაგრძელდება თუ არა მუშაობა იმავე ფორმატითა და ოპოზიციური პარტიების იმ შემადგენლობით, ვინც საარჩევნო სისტემის ცვლილების ინიციატორები იყვნენ, თევდორაძე არ აკონკრეტებს და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი პარტია პარლამენტში შევიდა, ამით საარჩევნო გარემო არ შეცვლილა.
"ვთვლით, პარლამენტში საქართველოს პატრიოტთა ალიანსისა და ორი პოლიტიკური ძალის შესვლით, საქართველოში საარჩევნო გარემო არ გაუმჯობესებულა. საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის ჩვენ ბრძოლას საპარლამენტო ტრიბუნიდან გავაგრძელებთ, მაგრამ ასევე მჭიდრო ურთიერთობა გვექნება რომლებიც პარლამენტს მიღმა არიან"-
ოპოზიცია მორიგ შეხვედრას მომავალ კვირას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტიის მიერ მაჟორიტარული სისტემის გაუქმების თაობაზე მომზადებულ ცვლილებებს ხელს წინა მოწვევის პარლამენტიდან ქართული ოცნების 81 წევრი აწერს.
მასალის გამოყენების პირობები






