პარტია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე გუბაზ სანიკიძესთან სამომავლო ურთიერთობების შესახებ განმარტებას აკეთებს. „მოამბესთან“ საუბრისას ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს დიდ ოპოზიციური გაერთიანერბის შესახებ და გადაწყვეტილება თავად სანიკიძემ უნდა მიიღოს. ბურჯანაძე სანიკიძეს გამორჩეულ პოლიტიკოსს უწოდებს. აღნიშნულ გაერთიანებაში სახელდება დავით უსუფაშვილიც, ბურჯანაძე უსუფაშვილთან თანამშრომლობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ არსებობს საკითხები სადაც მათ პოზიციების თანხვედრა აქვთ.
„ბატონ დავით უსუფაშვილთან ძალიან ბევრ საკითხებში რადიკალურად განსხვავებული პოზიციები გვაქვს, მაგრამ არის მთელი რიგი საკითხები, სადაც არის პრინციპული თანხვედრაც. ამიტომ, იქნება თუ არა ეს თანამშრომლობა ინტენსიური, იქნება თუ არა ჩარჩოებით შემოსაზღვრული, ამას დრო გვაჩვენებს, კონსულტაციები ალბათ უფრო გაღრმავდება, რა ფორმას მიიღებს ის მომავალში, შევხედოთ, მაგრამ მე გიდასტურებთ, რომ ჩემთვის გუბაზ სანიკიძესთან კონსულტაციები და თანამშრომლობა ნამდვილად სასიამოვნოა. ნუ გავუსწრებთ მოვლენებს წინ, გადაწყვეტილება თავად გუბაზ სანიკიძემ უნდა მიიღოს რა ფორმით და ვისთან ითანამშრომლოს. ჩვენ ახლო ადამიანური ურთიერთობა გვაქვს, ოჯახებით ძალიან ახლოს ვართ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ ერთი ხედვა გვაქვს ქვეყნის განვითარებაზე“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, რომ გუბაზ სანიკიძემ დღეს „ეროვნული ფორუმის“ დატოვების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მედიას და საზოგადოებას განუცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






