,,29 ოქტომბერს, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის (დიასპორის სამინისტროს) გაუქმების შესახებ, რაც დაუკავშირა „კონსერვატული“ დანახარჯების პოლიტიკას.
რამდენიმე დღეში - 8 ნოემბერს, ამას მოჰყვა პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, თემურ ჭკუასელის კომენტარი მედიასთან, სადაც მან ასევე განაცხადა, რომ სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმება იგეგმება. ონლაინ გამოცემა „ინფო-9“-ში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჭკუასელმა აღნიშნა, რომ დიასპორის სამინისტრო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეერწყმება და დეპარტამენტის სახით იფუნქციონირებს, რასაც სავარაუდოდ ასევე მოჰყვება კადრების შემცირება“ - აცხადებენ საია-ში იმ მიზეზებს განმარტავენ, რის გამოც ხელისუფლებამ არ უნდა მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილება დიასპორის სამინისტროს გაუქმების თაობაზე. (იხილეთ ვრცლად აქ)
არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა გამართოს საჯარო კონსულტაციები პროცესში ჩართულ პირებთან - მათ შორის, დიასპორულ ორგანიზაციებთან, ემიგრანტებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სხვა, რათა არ შეფერხდეს დიასპორის მიმართულებით მიმდინარე პროგრამების/სტრატეგიის განხორციელება და არ დაზიანდეს სახელმწიფოებრივად სტრატეგიული მიმართულება. ,,ამავდროულად, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით ხელისუფლებამ ყურადღება გაამახვილოს სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების მიმართულებით არსებულ პრობლემებზე” - აცხადებენ საია-ში.
მასალის გამოყენების პირობები






