თბილისის საკრებულოს ოპოზიციის ნაწილი „სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს. საკრებულოს დეპუტატების ალეკო ელისაშვილისა და დავით ზურაბიშვილის განცხადებით 2017 წლის თბილისის ბიუჯეტში უნდა გაიწეროს 25 მილიონი ლარი, რომლის გადახდაც თბილისის მერიას პირსაგამტეხლოს სახით კომპანიისთვის მოუწევს.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა სითი პარკმა ბოლო ორი წლის განმავლობაში 62 მილიონი მიიღო, ბიუჯეტში მხოლოდ 18 მილიონი შეიტანა, დანარჩენი კი კომპანიის ჯიბეში წავიდა, ამასთანავე კომპანიას არც პარკირების სისტემის მოწესრიგებაზე უზრუნია და არცერთი ავტოსადგომი არ აუშენებია:
„2 წლის განმავლობაში ხედავთ, რომ 62 მილიონი ლარი ამოიღო სითი პარკმა ჩვენი ჯიბეებიდან. აქედან 18 მილიონი გადაურიცხა თბილისის მერიას, დანარჩენი თითქმის 44 მილიონი წაიღო სახლში. არცერთი ავტოსადგომი არ აუშენებია. თბილისის მერიამ უნდა გაწყვიტოს კონტრაქტი. ამის პირგასამტეხლო უნდა გადავიხადოთ 25 მილიონი და მოვუწოდებ თბილისის მერს, რომ ბიუჯეტში ეს 25 მილიონი ჩაიდოს,“ - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის დავით ზურაბიშვილის შეფასებით დედაქალაქის მერიას აღნიშნულ კომპანიასთან კაბალური ხელშეკრულება აქვს დადებული , რაც დედაქალაქის ინტერესებში არაა:
„ყველას მხრიდან იყო მკაფიო დაპირება, რომ სითი პარკის პრობლემას მოევლებოდა. გვახსოვს თავიდან დაიწყო ლაპარაკი ხელშეკრულების შეწყვეტაზე, თუმცა როგორც დაიწყო, ისე დამთავრდა. არ იცვლება სითი პარკის ტაქტიკა, ის არაფერს არ აკეთებს, მსგავსი კაბალური ხელშეკრულება აღარ უნდა დაიდოს არავისთან. ამისთვის ნამდვილად საჭიროა, რომ 2017 წლის თბილისის ბიუჯეტში ჩაიდოს პირგასამტეხლო თანხა – 25 მილიონი. ამის საშუალება არის ყველანაირად. უნდა შეწყდეს კონტრაქტი ამ კომპანიასთან. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა დეპუტატებიც შემოგვიერთდებიან“- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მოთხოვნას დედაქალაქის მერი გამოეხმაურა, მისი თქმით ამ ეტაპზე პირსაგამტეხლოს თანხის მოცულობიდან გამომდინარე სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტა შეუძლებელია:
„თუ ისინი გვეტყვიან იმას, რას მოვაკლოთ ეს თანხები, რომ სითი პარკს გადავუხადოთ 25 მილიონი და ეს გონივრული იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ. თუმცა ვშიშობ, რომ 25 მილიონი ლარის ამოღება ერთი წლის განმავლობაში პარკირებიდან იყოს შესაძლებელი, თუ ამ პარკირებას განახორციელებს დედაქალაქი.“ - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერი თბილისის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის წარსადგენად საკრებულოში 15 ნოემბრამდე უნდა მივიდეს,
მასალის გამოყენების პირობები






