ამერიკის შეერთებული შტატების 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა, იგი აშშ-ს 45-ე პრეზიდენტი გახდა.
აღნიშნულ პირობებში, საქართველო-აშშ-ს სამომავლო ურთიერთობების შესაფასებლად, „ნიუპოსტი“ პაატა დავითაიას დაუკავშირდა. დავითაია მიიჩნევს, რომ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული ურთიერთობის თვალსაზრისით ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. საქართველომ კი მაქსიმალურად უნდა გამონახოს კონტაქტები ტრამპის ახალ ადმინისტრაციაში, იმისათვის რომ ქვეყნების ურთიერთობები გაღრმავდეს:
„მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო ტრამპის, თუ ვადევნებდით ჩვენ თვალყურს, ვნახავდით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთელი საშუალო კლასი ტრამპს უჭერდა მხარს. ტრამპის გამარჯვების მთავარი მესიჯი არის უპირველეს ყოვლისა ამერიკის ინტერესები, რამაც ამერიკის მოსახლეობაზე სერიოზულად იმოქმედა. ჩვენ ვნახეთ ის, რომ მართლაც მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება სავარუდოდ, აქ მთავარი მომენტია ის თუ რა უნდა საქართველოს და ჩვენ სად ვართ.
მე ვფიქრობ, დღეს თუ ჩვენ ტრამპის არჩევნის შემდგომ მის გამოსვლას შევადარებთ ძველ გამოსვლებს, რადიკალურად შეცვლილია მისი რიტორიკა. მან თქვა, რომ ყველა პარტნიორ ქვეყანასთან გაგრძელდება ურთიერთობები. ამერიკა იმით განსხვავდება საქართველოსგან, რომ პიროვნებებზე არის დამოკიდებული სახელმწიფო კურსი, სისტემიდან გამომდინარე, ჩვენ აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ეს ხელმოწერილია. დიდ ცვლილებებ არ ველოდები, ველი უფრო გაუმჯობესებას. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ტრამპისთვის, აჩვენოს თუ როგორ აღრმავებს ის კავშირს სტრატეგიულ პარტნიორებთან. მე ვფიქრობ, რომ ამ გამოცდას ტრამპი ჩააბარებს. მის გამოსვლაში დღეს ეს ჩანდა.
მთავარია ქართული მხარე რას იზამს, როგორ იმუშავებს ჩვენი საელჩო, როგორი იქნება ჩვენი პოლიტიკა მიმართული შეერთებული შტატების მიმართ. ალბათ ბევრი ახალი წარმომადგენელი იქნება ადმინისტრაციაში, ტრამპი არის ელიტიდან გამოსული და არა პოლიტიკიდან გამოსული. აქედან გამომდინარე, მას ჰყავს შტაბის წევრები, რომლებიც არიან ახალი სახეები. სავარაუდოდ ეს სტაფი დაიკავებს ადმინისტრაციაში გარკვეულ ადგილებს. ახლა მნიშვნელოვანია მუშაობა მათთან და ამ მიმართულებით კონტაქტების გამოძებნა. ამისთვის, საქართველოს აქვს დაახლოებით სამი თვე დრო. ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს ყველა რესურსის გამოყენებისთვის,რ ადგან ურთიერთობები უფრო ძლიერი გახდეს და კარგი კავშრები იყოს“, - განაცხადა პაატა დავითაიამ „ნიუპოსტთან“ საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






