თბილისის კორექტირებული ბიუჯეტი დამტკიცებულია. მიმდინარე წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში პროგრამული მიმართულებების დაფინანსება შეიცვალა. თუმცა მერიის მიერ დასახელებული არგუმენტის არ სჯერა საკრებულოს ოპოზიციას, რომელიც ბიუჯეტში შესულ ცვლილებებს საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს.
ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დეპუტატებს თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებებში მოძიებულმა რესურსმა 14 მლნ. 585 ათასი ლარი შეადგინა, რომელიც რამდენიმე პროგრამაში და ქვეპროგრამაში გადანაწილდა.
გაიოზ თალაკვაძის ინფორმაციით, ბენეფიციართა რაოდენობიდან გამომდინარე, ცვლილებები შევიდა ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა პროექტებში, რომლის მიხედვითაც, დაფინანსება სხვა პროგრამებთან ერთად ,,C’’ ჰეპატიტის დიაგნოსტიკის, ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის და ასევე მოსახლეობის სოციალური დახმარების ქვეპროგრამებს გაეზარდათ.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვნად მატულობს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომელიც წლის განმავლობაში ბავშვთა რაოდენობის ზრდითაა განპირობებული.
საკრებულომ ცვლილებები დაამტკიცა. კენჭისყრა ცოტა ხნის წინ დასრულდა და გადაწყვეტილება 28 დეპუტატმა 13-ის წინააღმდეგ მიიღო.
"არჩევნებზე მაქსიმალურად გამოიყენეს ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსი და თანხები ისე დახარჯეს, რომ ამომრჩეველზე მოახდინეს გავლენა. 12 თვის სოციალური შემწეობის თანხა სრულად დახარჯეს წინასწარ. ეს მიმართულება კი სხვა მიმართულებების ხარჯზე შეავსეს. კერძოდ, საგზაო მიმართულება 1 მილიონით შემცირდა, ავარიული კორპუსების დაფინანსება - 60 000 ლარით, ეკონომიკის სტიმულირების დაფინანსება - 1 400 000 ლარით," - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.
ბრალდებებს უპასუხეს ქართულ ოცნებაში და ოპოზიცია სიცრუეში დაადანაშაულეს.
"ერთჯერად სოციალური დახმარებებზე დაიხარჯა, ეს არის სპეციალური პროგრამები. ეს ჩვეულებრივი საბიუჯეტო პროცესია. 2014 წელსაც ზუსტად ამ პერიოდში მოხდა მსგავსი ცვლილება. ამ მუხლს მილიონ შვიდასი ათასი დაემატა. 2015 წელს - 2 300 000. ნაციონალური მოძრაობა ჭიქაში ქარიშხლის დატრიალებას ცდილობს," - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
მასალის გამოყენების პირობები






