დელეგაცია ბრუსელში საქართველოს კათოლიკოს პატრიქრქის ილია მეორის ლოცვა - კურთხევით იმყოფება. დელეგაციას ხელმძღვანელობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე ჭუაძე.
ვიზიტის შესახებ განცხადება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა.
"ჩემთვის დიდი პატივია არქიეპისკოპოსებთან და სინოდის წევრებთან შეხვედრა. ასეთი დელეგაცია ჩვენთან პირველად ჩამოვიდა. როდესაც გენერალური მდივნის მოადგილე იმყოფებოდა საქართველოში, ის შეხვდა საქართველოს პატრიარქს. მინდა აღვნიშნო, რომ სასულიერი პირები საკმაოდ ინფორმირებულნი არიან. დეტალურად ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე, ნატო საქართველოს ურთიერთობაზე, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგანან დევნილები. დღეს დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ მათი პოზიცია არის ქართველი ხალხის ნების მხარდაჭერა. ჩვენ ვიცით, თუ რა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეკლესია ქართულ საზოგადოებაში,"- განაცხადა აპატურაიმ.
“ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პატრიარქი ამ ვიზიტს, ამიტომ მაღალი რანგის სასულიერო პირები არიან წარმოდგენილი დელეგაციაში. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, ასეთი თბილი შეხვედრა. საკმაოდ ფართო ინფორმაცია მოგვაწოდეს საქართველო-ნატოს ურთიერთობასთან დაკავშირებით დღეს, ხვალ კი ფართო ინფორმაციას მივიღებთ ევროსტრუქტურებიდან ურთიერთობის შესახებ“- განაცხადა თეოდორე ჭუაძე
"ვისაუბრეთ იმ რთულ ვითარებაზე, რომელიც დღეს აფხაზეთსა და სამაჩაბლოს მიმართებაში არსებობს, დევნილთა რაოდენობაზე და გზებზე, როგორ შეიძლება ამ ყოველივეს დაძლევა და რაღა თქმა უნდა საქართველოს ეკლესია მხარს უჭერს საქართველოს სახელმწიფოს, მის განვითარებას და კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენ გვსურს კეთილმეზობლური ურთიერთობა ჩვენს ირგვლივ მყოფ ყველა ქვეყანასთან“- აღნიშნა დელეგაციის წევრმა გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ.
სასულიერო პირები ბრიუსელში არსებულ ქართულ სამრევლოსაც მოინახულებენ და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






