თუმცა როგორც მან "ნიუპოსტს" განუცხადა, სავალდებულო საავტომობილო ტექდათვალიერების გავლა დამატებით გადასახადად არ უნდა მოიაზრებოდეს და ამაში მედიის წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშონ.
"კარგია, რომ ე.წ პოლიტიკური კოჭის გაგორება დასრულდა, და ეს საკითხი ისევ არ გადაიდო. კარგია, რომ შეკითხვას ერთხელ და სამუდამოდ პასუხი გაეცა: საქართველოში ტექდათვალიერება იქნება. ეს ძალიან მკაფიო გზავნილია ყველასთვის. როგორ გაართმევს ამ გამოწვევას თავს ხელისუფლება, სამუშაო პროცესი როგორ წავა, დიდი მნიშვნელობა აქვს ექსპერტების, პროფესიონალების, არასამთავრობოების ჩართულობას, გამჭვირვალობის პროცესის უზრუნველყოფას. პირველი ნაბიჯი, ინტერესთა გამოხატვა, რომელიც დღეს გამოცხადდა ეს მხოლოდ მისასალმებელია"- აღნიშნა ოგბაიძე.
სპეციალისტი დადებითად გამოეხმაურა იმ ფაქტსაც, რომ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დანერგვის გამოცდილება ექნება.
სპეციალისტის განცხადებით, მისი სოციალური ქსელის მეგობრების 80 % - ის მხრიდან ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების შემოღებას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა.
"ეს მართლაც საზოგადოების დაკვეთაა, რომ გაუმართავი ავტომობილისგან მოსალოდნელი ავარიის რისკები, გამონაბოლქვისგან მიღებული ჯანმრთელობისთვის საშიში რისკები შემცირდეს. მთავარია პოლიტიკური ნება ურყევი აღმოჩნდეს, ამ ეტაპზე მიმნიშნებელი პოზიტიური სიგნალებიც ჩანს, თუნდაც ის რომ ტექდათვალიერების შემოღების კონკრეტული თარიღი 2018 წლის პირველი იანვარი უკვე დასახელდა. რა თქმა უნდა, გარდამავალი ეტაპებიც იქნება, რადგან სამწუხაროდ საქართველოში არსებობს ავტომობილები, რომლებიც ვერცერთ რეგულაციაში ვერ ჯდება, მაგალითად ქართული ფენომენი: საჭეგადატანილი ავტომობილები. აქ სახელმწიფოს მხრიდან წამოიწევს საწვავის კონტროლის აღდგენა. საზოგადოებაში არ უნდა იქნას გაგებული, ისე რომ ტექდათვალიერება ეს არის გადასახადი და ამაში მედიას დიდი როლი ეკისრება. ტექდათვალიერება ეს არის თერმომეტრი, რომლითაც შეგვიძლია გავიგოთ ადამიანს სიცხე აქვს თუ არა. ანუ ავტომობილი გამართული არის თუ არ არის.
ტექდათვალიერება იარსებებს თუ არა ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს მოწესრიგებული ავტომობილი, ფარები დარეგულირებული, მუხრუჭი წესრიგში უნდა ჰქონდეს, გამონაბოლქვი კი უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ მინიმალურ სტანდარტს, რასაც პირობითად „ნამუსიც კარგი საქონელია“ დავარქვათ. მძღოლმა უნდა იცოდეს, რომ ავტომობილს შავი (ან ლურჯი) შლეიფი, რომ არ უნდა მიჰყვებოდეს და უკან მიმავალ ავტომობილებს არ უნდა აბრმავებდეს და წამლავდეს გარემოს. ეს ყველაფერი რეგულაციის გარეშეც წესრიგში უნდა გვქონდეს, თუმცა 2018 წლიდან მძღოლებს კანონი დაგვავალდებულებს მეტი ყურადღება დავუთმოთ ავტომობილებს“- აღნიშნა ოგბაიძემ.
ამასთან, როგორც „ნიუპოსტს“ შალვა ოგბაიძემ განუცხადა, მისთვის მიუღებელია მოსაზრებას, რომ ავტომობილის ტექნიკური დათვალიერების შემოღება სოციალურად დაუცველ ფენას დააწვება ტვირთად.
მისი თქმით, ადამიანს, რომელსაც შეუძლია 15-20 ათას აშშ დოლარად ავტომობილის შეძენა, ის სოციალურად დაუცველი არ არის.
„მე ვერ გავიზიარებ ამ მოსაზრებას, ადამიანს რომელსაც 15-20 ათას ლარიანი მანქანა აქვს მას სოციალური დარტყმა არ მიადგება, იმის მოთხოვნით, რომ ავტომობილს მუხრუჭი უნდა უჭერდეს და გამონაბოლქვით ჩვენი ოჯახის წევრებს არ უნდა წამლავდეს"- თქვა მან.
დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






