როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა საერთაშორისო კომპანიას, რომელსაც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების და დანერგვის გამოცდილება ექნება.
აღსანიშნავია, რომ მთავრობა საქართველოში ტექდათვალიერების შემოღებას 2015 წლის 1 მარტიდან აპირებდა, თუმცა მაშინ ქვეყანა ახალი სავალდებულო რეგულაციისათვის მზად არ აღმოჩნა, რეფორმა გადაიდო.
დაანონსებულმა ცვლილებამ მაშინაც და დღესაც საყოველთაო ინტერესი გამოიწვია. არაერთმა მძღოლმა თავისი ავტომობილის გადაკეთება და მწყობრში მოყვანაც დაიწყო, თუმცა, დღესაც ბევრი ფიქრობს, რომ ქვეყნის ავტოპარკი ამ ცვლილებისათვის მზად ჯერაც არ არის.
"ნიუპოსტი" ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული სავალდებულო ტესტირების დაწყების შესახებ სფეროს სპეციალისტის, დავით მესხიშვილს ესაუბრა, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმება თუმცა იქვე აცხადებს, რომ ეს პროცესი მოსახლეობისთვის პრობლემური არ უნდა აღმოჩნდეს.
მისი თქმით, უნდა მოიძებნოს ოქროს შუალედი თუ რა სტანდარტით მოხდება მანქანების შემოწმება, როგორი იქნება პირობები და სხვა.
- მთავრობა ავტოტრანსპორტის სავალდებულო პერიოდულ ტესტირებასთან დაკავშირებით საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის მიზნით ინტერესთა გამოხატვას აცხადებს - როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი?
- მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციები წლების განმავლობაში სერიოზული ტექნიკური ინსპექტირების დაწყებას ვითხოვდით, თუმცა ეს იყო პრობლემა, რადგან წინასაარჩევნო გარემო ემთხვეოდა და ამ საკითხის გადატანა პოლიტიკური მოტივით ხდებოდა.
ჩემი აზრით, ხელისუფლებამ ამ ნაბიჯის გადადგმა რამდენიმე მიზეზის გამო დაიწყო. ერთ-ერთია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დადებული სავალალო კვლევა, რომლის მიხედვითაც საქართველოში ჰაერის მაჩვენებელი კატასტროფულ ნიშნულამდეა, რის გამოც სამწუხაროდ ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება. მეორე საკითხია, ევროდირექტივა, რომელიც ამ ტესტირების დაწყებას 2018 წლის პირველ იანვრამდე გვავალდებულებს. თვითონ ფაქტს, რომ მთავრობა სავალდებულო ტექდათვალიერებას იწყებს მხოლოდ მივესალმებით. ასევე მოსაწონია რომ ეს ყველაფერი საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების მიხედვით დაიწყება. ანუ საკონსულტაციოდ ის საერთაშორისო ორგანიზაცია იქნება აყვანილი, რომელსაც ევროკავშირის ქვეყნებში გამოცდილება აქვს. დადებით კონტექსტში აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თუ ადრე საერთაშორისო მასშტაბით მხოლოდ ერთ კომპანიასთან ვთანამშრომლობდით, ახლა კონკურსის მსგავსი რამ ჩატარდება და შერჩეული იქნება ყველაზე კომპეტენტური კომპანია. იმედი მაქვს დაპირება მხოლოდ დაპირებად არ დარჩება.
- მთავრობის განცხადებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის ერთიანი ცენტრალიზებული მართვის ავტომატიზებული სისტემა დაინერგება, რომელიც სრულად გამორიცხავს შემოწმების პროცესში კორუფციული გარიგებების ალბათობას...
- ტექნიკური დათვალიერების ცენტრები მაქსიმალურად მოწესრიგებული და მომზადებული უნდა იყოს, პერსონალი აუცილებლად უნდა იქნას გადამზადებული, რომ მათ შეძლონ ტესტირების იმ სტანდარტში ჩატარება, როგორც ეს ევროპაშია მიღებული. ამავე დროს კორუფციის დონე ნულამდე უნდა იყოს დაყვანილი. ეს შესაძლებელია: უნდა შეიქმნას საინფორმაციო ბაზები, სადაც ავტომობილის ტესტირების შემდგომ შედეგები პირდაპირ კომპიუტერში უნდა ხვდებოდეს, ანუ პერსონალური ურთიერთობები მაქსიმალურად მინიმალური უნდა იყოს. ეს არის ევროპული მოდელი. აუცილებელია ეს ცენტრები გეოგრაფიულად და ფინანსურად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
- რომელ წლამდე გამოშვებულმა ავტომობილმა უნდა გაიაროს სავალდებულო ტექდათვალიერება?
- მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 4 წელზე მეტი ასაკის ავტომობილი 2 წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს, თუმცა არ არის გამორიცხული კანონმდებლობა გადაიხედოს. მაგალითად რაც უფრო ახალია ავტომობილი ის მით უფრო იშვიათად მოწმდებოდეს, ეს ფაქტიც ევროპულ მოდელს უნდა მოერგოს.
- რამდენად შედეგის მომტანია, ყველა ავტომობილის ტექდათვალიერება, რადგან ცნობილია, რომ საქართველოში მანქანების დიდი ნაწილი გაუმართავია...
- ჩვენ თუ ავდგებით და ყველა მძღოლს ვაიძულებთ, ყველაფერი ერთად შეამოწმოს, ეს შედეგს ვერ მოგვცემს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში მილიონ ორასი ათასიდან 10 წელზე უფრო ასაკოვანი ავტომობილი დაახლოებით 800 000 მანქანაა. ეს მოთხოვნა ძალიან მძიმე სოციალური დარტყმა იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის. ტექდათვალიერება აუცილებელად, თუმცა ეტაპობრივად უნდა ჩატარდეს. პირველი წელი ჰაერის დამაბინძურებლები შემოწმდეს. მეორე წელს სავალი ნაწილი უნდა გაუმჯობესდეს, მესამე წელი მოწყობილობებისა და ასე შემდეგ.
ტექდათვალიერების შემოღების მიზანი ავტომობილების შემცირება არ უნდა იყოს, მიზანი ჰაერის გაჯანსაღება უნდა იყოს, რაც ასოცირების ხელშეკრულებაში პირდაპირ გვაქვს დავალებული. ჩვენ შემთხვევაში ქარხნები ნამდვილად არ გუგუნებს, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ჰარის მთავარი დამაბინძურებელი ჩვენი საავტომობილო პარკია. მძღოლებს უნდა მიეცეთ საშუალება გამოასწორონ პრობლემა. როგორც ჩვენ გვაქვს უფლება ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში, თუმცა მეორეს მხრივ მძღოლის უფლებები არ უნდა დაირღვეს.
დავით ჯაბაშვილი - "ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






