ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა მიმართულებით, განსაკუთრებით კი ეკონომიკურ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობებისა და ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი არსებობს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს, მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. პაოლო ჯენტილონიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა იტალიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისადმი.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა პაოლო ჯენტილონიმ მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. გიორგი კვირიკაშვილმა პაოლო ჯენტილონის ვიზიტი იტალიის მთავრობის მხრიდან გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად შეაფასა.
„ამ ვიზიტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ და განვიხილავთ იტალიის მთავრობის მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი გამოხატულ მკაფიო მხარდაჭერად. დარწმუნებული ვარ, რომ საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის სტუმრობა ახალ იმპულსს შესძენს ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას. შეხვედრისას ყურადღება გავამახვილეთ ორმხრივ ურთიერთობების სხვადასხვა ასპექტზე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ჩვენი ქვეყნის, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის მზარდ გეოსტრატეგიულ მნიშვნელობაზე, ასევე, რეგიონულ და გლობალურ პროცესებზე. დღეს, მსოფლიოში და ჩვენს რეგიონში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ვისაუბრეთ უსაფრთხოების საკითხებზე; მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, საქართველო თანმიმდევრულად და უწყვეტად აგრძელებს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, რაც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს. მისივე განმარტებით, იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოების აუცილებლობასა და საქართველოში მეტი იტალიური ინვესტიციის მოზიდვის მნიშვნელობაზე.
„მეტად დინამიურია საქართველოსა და იტალიას შორის თანამშრომლობა კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ყველანი ამ მიმართულებით არაერთი წარმატებული პროექტის მომსწრენი გავხდებით. დასასრულს, კიდევ ერთხელ გამოვხატავ კმაყოფილებას იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის პაოლო ჯენტილონის ვიზიტთან დაკავშირებით. მინდა გამოვთქვა კმაყოფილება, რომ ჩვენ განვიხილეთ ჩემი იტალიაში მომავალი ვიზიტის საკითხები და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი, რომელიც შედგება იანვარში, იქნება ახალი ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების დასაწყისი. იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი მზარდი ურთიერთობები ამ ვიზიტის შემდგომ შეიძენს ახალ დინამიკას და ჩვენ დიდი ენთუზიაზმით ვუყურებთ მომავალს,“ - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






