საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა გენერალ ნიკოლსონს მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედროების ჩართულობას. ქართული მხარის განცხადებით, საქართველო აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო მშვიდობის და სტაბილურობის მხარდაჭერას როგორც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ასევე მის გარეთ.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სტუმარი გვაყვდა. სწორედ გენერალ ნიკოლსონის სარდლობის ქვეშ ახორციელებენ ოპერატიულ საქმიანობას ჩვენი ჯარისკაცები ავღანეთში. მინდა დიდი მადლიერება გამოვხატო იმ თანამშრომლობისთვის, რომელსაც ჩვენ ამერიკული მხრიდან ვგრძნობთ როგორც ავღანეთში ისე საქართველოში. მომავალში დავგეგმეთ თანამშრომლობის ძალიან საინტერესო ფორმატი. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ვგეგმავთ განვახორციელოთ საქართველოს მზადყოფნის პროგრამა, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის გაფორმებული მემორანდუმით არის გათვალისწინებული. გენერალმა სურვილი გამოთქვა აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ამ პროგრამის იმპლემენტაციაში და მხარდაჭერაც აღგვითქვა პროგრამის წარმატებულად განხორციელების საქმეში“ - განაცხადა ლევან იზორიამ.
შეხვედრას ასევე ეწსრებოდნენ თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურის ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






